Accessibility links

უკრაინის საკონტაქტო ჯგუფი ცეცხლის შეწყვეტისაკენ მოუწოდებს ავდეევკასთან დაპირისპირებულ მხარეებს


აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მოსაგვარებლად მომუშავე სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფი დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდებს, დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და გაიყვანონ მძიმე შეიარაღება გამყოფი ხაზიდან, რომელიც განსაზღვრულია 2014 წლის 19 სექტემბრის მემორანდუმით. საკონტაქტო ჯგუფი, რომელშიც უკრაინა, რუსეთი და ეუთო შედიან, 1 თებერვალს შეიკრიბა მინსკში და იმსჯელა უკრაინის ქალაქ ავდეევკასთან ბოლო დღეებში გააქტიურებულ ბრძოლებზე. ასევე 1 თებერვალს ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა შეშფოთება გამოთქვა ავდეევკაში მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის გამო. ქალაქში, რომელსაც უკრაინის მთავრობა აკონტროლებს, სტოლტენბერგის ინფორმაციით, 20 ათასამდე ადამიანს უწევს ზამთრის ყინვის გაძლება გათბობის, ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების გარეშე. უკრაინელმა სამხედროებმა დღეს გაავრცელეს ცნობა ავდეევკასთან კიდევ ორი ჯარისკაცის დაღუპვისა და ექვსის დაჭრის შესახებ. სეპარატისტებმა 29 იანვარს გაააქტიურეს ამ რეგიონში მოქმედება. სეპარატისტების საწინააღმდეგო შტაბის ინფორმაციით, სეპარატისტებმა, რომლებიც რუსეთის ჯარის მხარდაჭერით მოქმედებენ, 1 თებერვალს რამდენჯერმე სცადეს უკრაინის ქვედანაყოფებზე თავდასხმა, მაგრამ უკან დაიხიეს მათ რიგებში „დიდი დანაკარგის“ გამო. მეორე მხრივ, სეპარატისტების ერთ-ერთი ლიდერი, ალექსანდრ ზახარჩენკო ირწმუნება, რომ ავდეევკასთან ბრძოლაში სწორედ უკრაინის ჯარებმა განიცადეს დიდი დანაკარგი. ზახარჩენკოს სიტყვებით, საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდება, ვითარება „არაპროგნოზირებადია“.

XS
SM
MD
LG