Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოძიება დაიწყო მოსამართლეთა საქმიანობაში უხეშად ჩარევის შესაძლო ფაქტზე


საქართველოს პროკურატურამ დღეს, 3 თებერვალს გაავრცელა ოფიციალური განცხადება მოსამართლეთა საქმიანობაში უხეშად ჩარევის შესაძლო ფაქტზე 14 იანვარს დაწყებული გამოძიების შესახებ. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების, ბესარიონ ალავიძის და პაატა ქათამაძის წერილობითი განცხადებები და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიმართვა, რომელთა თანახმად, მოსამართლეებმა, ყოფილი ხელისუფლების თანამდებობის პირის სახელით, თავის საცხოვრებელ მისამართებზე მიიღეს წერილობითი მიმართვები და მობილურ ტელეფონებზე უცხოური ნომრიდან გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებები. „წერილობით შეტყობინებებში, რომლებიც მოსამართლეებმა წარმოადგინეს, იკვეთებოდა მათ საქმიანობაში უხეში ჩარევის მცდელობის ნიშნები და შესაბამისად, ინფორმაციის მიღებისთანავე დაიწყო გამოძიება გარემოებების შესწავლის მიზნით“ - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ჩატარებულია სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის გამოკითხულნი არიან განცხადების წარმომდგენი მოსამართლეები და მათი ოჯახის წევრები. მთავარი პროკურატურა აღნიშნავს, რომ გამოძიება ინტენსიურად გრძელდება, სხვა დეტალებზე კი ამ ეტაპზე ვერ ისაუბრებს გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით. „საქმეზე სწრაფად და ეფექტურად ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება და შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით ეცნობება“ - ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებაში. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, ბესარიონ ალავიძე და პაატა ქათამაძე ამჟამად განიხილავენ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებულ დავას.

XS
SM
MD
LG