Accessibility links

ევროკავშირის ლიდერები მალტაში მსჯელობენ მასობრივი მიგრაციისა და "ბრექსიტის" შესახებ


მალტაში იმართება ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა, რათა მოძებნონ გზები ხმელთაშუა ზღვის გავლით ევროპაში მიმავალ მიგრანტთა ტალღის შესამცირებლად. ევროკავშირის ლიდერების მიზანია ასევე გამოხატონ ერთიანობა "ბრექსიტის" შესახებ მომავალი მოლაპარაკებების საკითხში. დღევანდელი სამიტის ფონია შეშფოთება აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასა და ევროკავშირს შორის დაძაბულობის გამო. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა „მიუღებელი“ უწოდა ზეწოლას, რომელსაც - მისი თქმით - დონალდ ტრამპი ევროკავშირზე ახდენს. მალტის დედაქალაქ ვალეტაში იმყოფება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორი ფედერიკა მოგერინი, რომლის აზრითაც, ევროკავშირს „დიდი პასუხისმგებლობა“ აკისრია დემოკრატიული ღირებულებების დაცვის საქმეში: „დღეს, როგორც ევროპელებს, დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია. უწინარეს ყოვლისა, უნდა მოვახდინოთ ერთიანობის დემონსტრირება ახლა, როცა მსოფლიოსა და ევროპელებს ძლიერი ევროკავშირი სჭირდებათ, რათა ვუერთგულოთ ჩვენს ღირებულებებს, ვუერთგულოთ საკუთარ თავს და ძლიერი საყრდენი გავხდეთ ჩვენი პარტნიორებისათვის მთელს მსოფლიოში მრავალმხრივი ურთიერთობების პრინციპის, მშვიდობისა და უსაფრთხოების, თავისუფალი და სამართლიანი ვაჭრობის, ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და თანამშრომლობაზე დაფუძნებული მიდგომების კუთხით“, განაცხადა მოგერინიმ მალტაში, ევროკავშირის დღევანდელ სამიტთან დაკავშირებით. წინასწარი ინფორმაციით, სამიტზე მსჯელობენ სპეციალურ ზომებზე, რომლებიც ლიბიას დაეხმარება თავის ტერიტორიულ წყლებში მიგრანტების შეჩერებისა და ლტოლვილთა ბანაკებში პირობების გაუმჯობესების საქმეში. იტალიის პრემიერ-მინისტრმა პაოლო ჯენტილონიმ და მისმა ლიბიელმა კოლეგამ ფაიეზ ალ-სარაჯიმ გუშინ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიზანია ხმელთაშუა ზღვის გავლით ევროპაში უკანონო მიგრაციის შეზღუდვა. ევროკავშირის განცხადებით, 2016 წელს ლიბიიდან ევროპაში ჩასული 181 ათასზე მეტი პირის უმრავლესობა უკანონო ეკონომიკური მიგრანტი იყო, განსხვავებით თავშესაფრის მაძიებლებისაგან, რომლებიც სირიიდან საბერძნეთში ჩავიდნენ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG