Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალმა „პროპაგანდისტული ეშმაკობა“ უწოდა თბილისის განცხადებას ვიზებთან დაკავშირებით


თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და „პროპაგანდისტული ეშმაკობა“ უწოდა ამ კონტექსტში საქართველოს ხელისუფლების განცხადებას, რომლის ადრესატიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობაა. ხუთშაბათს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის საკითხს. ”ეს შესაძლებლობა ხელმისაწვდომია მათთვისაც და ჩვენ გვინდა, რომ არა მხოლოდ ვიზალიბერალიზაცია, არამედ ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღებული ყველა სარგებელი იყოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებისთვის“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ 2 თებერვალს ევროპარლამენტის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ. ცხინვალში აცხადებენ, რომ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობამ 25 წლის უკან გააკეთა არჩევანი დამოუკიდებლობის სასარგებლოდ და არ სურს არაფერი საერთო ჰქონდეს საქართველოს სახელმწიფოსთან. „საქართველომ აგრესიის გზით სამხრეთ ოსეთის ხალხის განადგურების გეგმების განხორციელება რომ ვერ შეძლო, ახლა ცდილობს ფსონი სხვადასხვა სახის დაპირებებზე და პროპაგანდისტულ ეშმაკობებზე გააკეთოს“,- ნათქვამია თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 3 თებერვალს გაკეთებულ განცხადებაში. ცხინვალში მიიჩნევენ, რომ საქართველოსთან ურთიერთობების ერთადერთი შესაძლო მოდელი „ეს ორ თანაბარუფლებიან სახელმწიფოს შორის პარიტეტული ურთიერთობებია“.

XS
SM
MD
LG