Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლტოლვილთა საკითხებში გაეროს წარმომადგენელი ეჭვით უყურებს ტრამპის გეგმას სირიაში „უსაფრთხო ზონების“ თაობაზე


აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ნათქვამი აქვს, რომ სურს სირიაში შექმნას „უსაფრთხო ზონები“ და ამ გზით ლტოლვილები შეაკავოს სხვა ქვეყნებში გადასვლისგან - თუმცა გაეროს მაღალი რანგის წარმომადგენელი ამბობს, რომ ეს არ იმუშავებს. გულწრფელად რომ გითხრათ, სირიაში ვერ ვხედავ პირობებს საიმისოდ, რომ წარმატებით შეიქმნას უსაფრთხო ზონებიო, განაცადა გაეროს ლტოლვილთა უწყების ხელმძღვანელმა, ფილიპო გრანდიმ 3 თებერვალს და დასძინა - „დანაწევრების, ძალების სიმრავლის, ტერორისტული ჯგუფების არსებობის გათვალისწინებით, ეს არ არის ის ადგილი, სადაც ასეთი რამ იმუშავებდაო“. გრანდი ამ განცხადებებით გამოვიდა ლიბანში ვიზიტით ყოფნისას - ლიბანის პრეზიდენტმა, მიშელ აოუნმა მოიწონა უსაფრთხო ზონების დაწესების იდეა და განაცხადა, რომ მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა სირიის მთავრობას მხარი უნდა დაუჭიროს ამგვარი ზონების შექმნაში, რათა სირიელებმა თავიანთ ქვეყანაში დაბრუნება შესძლონ. 2011 წლიდან ლიბანში სულ მცირე ერთი მილიონი სირიელი ჩავიდა. ომმა სირია დაანაწევრა ტერიტორიებად, რომლებსაც აკონტროლებენ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადი, მთავრობის წინააღმდეგ მეამბოხეთა სხვადასხვა დაჯგუფება, ქურთთა ძალები და ისლამური სახელმწიფოს ექსტრემისტები. გავრცელებული ვარაუდით, ტრამპი პენტაგონს და სახელმწიფო დეპარტამენტს მალე დაავალებს უსაფრთხო ზონების გეგმაზე მუშაობას - ამ ნაბიჯს, სავარაუდოდ, აშშ-ის მხრიდან სირიაში კიდევ უფრო მეტი სამხედრო ჩარევა დასჭირდება.

XS
SM
MD
LG