Accessibility links

აშშ-ის სასამართლომ შეაჩერა ტრამპის სავიზო აკრძალვის ბრძანება


დონალდ ტრამპი

3 თებერვალს, გვიან საღამოს აშშ-ის ერთ-ერთმა სასამართლომ დროებით შეაჩერა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ერთი კვირის წინ გაცემული ბრძანება, რომელიც აშშ-ში შესვლას უკრძალავს სტუმრებს და ლტოლვილებს შვიდი მუსლიმური ქვეყნიდან. სიეტლის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ძალაშია მანამ, სანამ ეს სასამართლო ამ საქმეს განიხილავს, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს თეთრი სახლისთვის. პრეზიდენტის პრესმდივანმა, შონ სპაისერმა სასამართლოს პასუხად განაცხადა, ტრამპის ბრძანება „კანონიერი და უპრიანი იყოო“ და დასძინა, რომ აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო აპელაციით უნდა შეეცადოს სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას. „პრეზიდენტის ბრძანება სამშობლოს დაცვას ისახავს მიზნად და მას აქვს საკონსტიტუციო უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა ამერიკელი ხალხის დასაცავადო“, განაცხადა სპაისერმა. მაგრამ მოსამართლე ჯეიმს რობარტმა, რომელიც სიეტლის სასამართლოში ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა დანიშნა, საკუთარ გადაწყვეტილებას დაუყოვნებელი აღსრულების ძალა მიანიჭა. აშშ-ის საბაჟო და საზღვრის დაცვის უწყებებმა რამდენიმე საათში დაიწყეს ბრძანების შესრულება და ავიაკომპანიებს უთხრეს, რომ შეუძლიათ მგზავრების წაყვანა იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც მანამდე აკრძალვა შეეხო. „ეს ამ ქვეყანაში კანონის უზენაესობისთვის არაჩვეულებრივი დღეაო“, განაცხადა ნოა პურცელმა, ვაშინგტონის შტატის პროკურორმა, რომელმაც ჩარევის თხოვნით მიმართა სასამართლოს და განაცხადა, რომ ტრამპის ბრძანება ზიანს აყენებდა აშშ-ში მობინადრე უცხოელებს და რეალურად დისკრიმინაციის საფუძველს ქმნიდა. „დღეს კონსტიტუციამ გაიმარჯვა“ - განაცხადა ვაშინგტონის გენერალურმა პროკურორმა, ბობ ფერგიუსონმა და დასძინა „კანონზე მაღლა არავინ დგას - პრეზიდენტის ჩათვლითო“. ტრამპის ბრძანება 90 დღის განმავლობაში უკრძალავს აშშ-ში შესვლას შვიდი მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეებს, 120 დღით კრძალავს ლტოლვილების შეშვებას და განუსაზღვრელი ვადით აჩერებს ლტოლვილთა სირიიდან შეშვებას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG