Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვასილ მაღლაფერიძე: საზოგადოებრივ მაუწყებელში კრიზისული ვითარებაა


საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის შეფასებით, მაუწყებელში კრიზისული ვითარებაა. მის დასაძლევად ვასილ მაღლაფერიძემ წარმოადგიანა მაუწყებლის გარდაქმნის და განვითარების სამწლიანი გეგმა და საზოგადოებას შესთავაზა ფართო დისკუსია. „მინდა დასაწყისშივე მოვსხიპო აჟიოტაჟი, რომ თითქოს ჩვენ ვაპირებთ ვიღაცის მოხსნას, ან დახურვას. ასეთი არც განზრახვა გვაქვს, არც სურვილი და რაც მთავარია, კანონმდებლობიდან გამომდინარე ამის უფლებამოსილება არ გვაქვს და ყველას ვთხოვ, ამ თემებზე სპეკუალცია დავამთავროთ“ - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ. ამასთან, მან აღნიშნა, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 39 მილიონიანი ბიუჯეტით უნდა შეძლოს დღეს არსებული ყველა პრობლემის მოგვარება და განვითარებაც. „ამიტომ მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე, ტექნიკური საშუალებებიდან გამომდინარე, მაუწყებლის ყველა პლატფორმაზე ყველა გადაცემის და წარმოების შეჩერება, გარდა, საინფორმაციო გამოშვებებისა, თანამშრომლების რაოდენობის ოპტიმიზაცია, გამოთავისუფლებული თანხის მიმართვა მატერიალურ-ტექნიკური და ტექნოლოგიური ბაზის გასაახლებლად და მაუწყებლის ყველა სეგმენტზე კონკურენციის პრინციპზე გადასვლა“ - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ. მისივე თქმით, გეგმის განხორციელების შემთხვევაში, 2017 წელს გამოთავისუფლდება 15 მილიონი ლარი. ვასილ მაღლაფერიძის განმარტებით, დღეს წარმოდგენილი გეგმა არ ნიშნავს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას და მიზნად ისახავს ფართო დისკუსიის დაწყებას. საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდაქმნის და განვითარების სამწლიან გეგმაში მაუწყებლის დღევანდელი მდგომარეობა აღწერილია შემდეგნაირად: „ამორტიზებული შენობა, ტექნიკა კოლაფსის ზღვარზე, შეუსაბამოდ ბევრი თანამშრომელი, მაუწყებელი მაუწყებლისთვის და არაკონკურენტუნარიანი მაუწყებელი.“ ამავე გეგმის თანახმად, 2020 წლისთვის მისაღწევი მიზნებია: „ახალი შენობა, თანამედრივე ტექნიკა, თანამშრომლების ოპტიმალური რაოდენობა, მაუწყებლობა აუდიტორიისთვის და ინოვაციური ლიდერი მაუწყებელი.“

XS
SM
MD
LG