Accessibility links

მე, თმა, ხორცი და ხალხი


ავტორი: გიორგი ორკოდაშვილი

5 თვის წინ, მოვახერხე და შევისრულე დიდი ხნის სურვილი - გავხდი ვეგეტარიანელი. 1 თვის წინ, შევიცვალე თმის სტილი და უკვე საკმაოდ გაზრდილი თმა შევიკარი.

ალბათ, ამ ორ წინადადებაში არაფერი მოგეჩვენათ უჩვეულოდ და უცნაურად. მეც მასე მეგონა 1 თვის წინ, მაგრამ როგორც ჩანს ვცდებოდი - მას შემდეგ, რაც ქუჩაში და სკოლაში შეკრული თმით სიარული დავიწყე, დავრწმუნდი რომ, სოციუმი, რომელშიც მე ვცხოვრობ ვერ იტანს განსხვავებულ ადამიანებს და ცდილობს მის დაჩაგვრას. 1 თვე არც ისე დიდი დროა, თუმცა ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრი კომენტარი მივიღე ჩემი თმის მისამართით. რეპლიკას მესვრის ნაცნობი, უცნობი, სკოლის მასწავლებელი, მოკლედ, ყველა ვისაც არ ეზარება.

სკოლა, რომელიც მოსწავლეებს თავისუფლებას უნდა აძლევდეს, საპირისპიროდ იქცევა. მაშინ, როცა მასწავლებლებს დიდი როლი ენიჭებათ მოსწავლეების პიროვნულ ჩამოყალიბებაში და ხშირად, მათი ავტორიტეტები არიან, მოსწავლეების დასანახად, დაუფარავად ხდებიან მოძალადეები, მჩაგვრელები და გიორგი ლეონიძის და მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედების სიყვარულის პარალელურად, თვითონ ხდებიან ლაფის და ქვის მსროლელები.

უამრავი კრიტიკა-მორალისტური დარიგება მივიღე მასწავლებლებისგან: მეუბნებიან, რომ ცუდია ვეგეტარიანელობა, არ მაქვს ასე სიარულის უფლება, მაკრიტიკებენ და სხვა კლასებში, ჩემს ზურგსუკანაც ბევრს ლაპარაკობენ, თითქოს, თუ ისინიც ივლიან არასამთავრობო ორგანიზაციების ტრენინგებზე და მიიღებენ არაფორმალურ განათლებას, მათაც შეებმებათ ,,კიკინა“.

დიახ, მძიმე სურათია ნამდვილად. ამ სურათს ის უფრო ამიძმებს, რომ მირჩევენ ჩემს ვეგეტარიანეობას მარხვა დავარქვა და მხოლოდ მარხვის დროს არ ვჭამო ხორცი, ავიყვანო მოძღვარი, ვიარო ეკლესიაში და ვაბარო აღსარებები. თურმე, მხოლოდ ასე შეიძლება გამოვისყიდო ჩემი ცოდვა. ცოდვაში შეკრულ თმას გულისხმობენ.

ამ ბოლო 1 თვის გამოცდილებამ მიმახვედრა, თუ როგორ ცდილობს სოციუმი ჩაკლას ადამიანებში თავისუფლება და ინდივიდუალიზმი, მივხვდი იმას, თუ როგორ სძულს ხალხს მათგან განსხვავებულები. ალბათ,მეც ჩავკლავდი ჩემ თავში ჩემს ინდივიდუალიზმს, ჩემს სურვილებს, ჩემს გემოვნებას რომ არა ჩემი მშობლების და მეგობრების მხარდაჭერა.
პირველი დღეები, ჩემთვის, 16 წლის ბიჭისთვის ვაღიარებ რომ არც თუ ისე მარტივი იყო, თუმცა ახლა - გადავლახე ის ბარიერი, როცა აღარ ვაქცევ არავის რეპლიკას და რეაქციას ყურადღებას და ვაკეთებ იმას, რაც მინდა.

თუმცა, ხშირად ვფიქრობ ხოლმე, ალბათ, რამდენ ადამიანს ჩაუკლავს საკუთარი იდენტობა მხოლოდ იმის გამო, რომ ხალხს მასზე არ ელაპარაკა, მხოლოდ იმიტომ რომ სხვას მასზე ცუდი არ ეფიქრა. ამ დროს - სოციუმი, საზოგადოება არის ბრბო, რომელიც არ ინდობს განსხვავებულ ადამიანებს, ცდილობს ჩარჩოებში მოაქციოს ისინი და ხელი შეუშალოს ადამიანის რეალიზებას.

ხალხი მეტიჩრულად ერევა სხვის საქმეებში, რაც არანაირად არ არის მისი საქმე.

ჩემთვის, როგორც ერთი რიგითი მოქალაქისთვის, უკვე ოცნებაა ტოლერანტულ და ლიბერალურ საქართველოში ცხოვრება. მე მინდა ვცხოვრობდე ისეთ გარემოში, სადაც არავინ დაიჩაგრება, სადაც არავის ატკენენ გულს, სადაც არავინ ჩაკლავს ადამიანებში თავისუფლებას. სადაც ადამიანი გააკეთებს იმას, რაც უნდა. თუ ხორცის ჭამა უნდა - ხორცს შეჭამს, თუ არა - არ შეჭამს. თუ გრძლი თმა უნდა, თავისუფად ივლის გრძელი თმით და ა.შ.

თუმცა, ალბათ არც ისე მალე გვექნება ჩვენ ასეთი გარემო. ამიტომ მნიშვნელოვანია, ვიფიქროთ მხოლოდ ჩვენს სურვილებზე, მივყვეთ მაქსიმალურად მას და არავის მივცეთ უფლება, ხელი შეგვიშალოს ჩვენი სურვილების, ოცნებების და მიზნების მიღწევაში.

მივბაძოთ პეპის, რომელიც წვიმაში ყვავილებს რწყავდა, იმიტომ რომ ის მთელი ღამე ოცნებობდა ამაზე, წვიმას კი არ მისცა უფლება, მისი ოცნების ასრულებაში ხელი შეეშალა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG