Accessibility links

აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე განიხილეს „სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკა“


საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა 7 თებერვალს პრაღაში გამართეს მორიგი შეხვედრა და, აბაშიძის განცხადებით, განიხილეს „გასული წლის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკა“. როგორც აბაშიძემ ჩვენს რადიოსთან საუბრისას აღნიშნა, საქართველო დაინტერესებულია რუსეთში ექსპორტის, აგრეთვე საქართველოში რუსეთიდან ტურისტების რიცხვის გაზრდით. ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა ასევე, რომ კარასინთან შეხვედრის დროს იმსჯელეს საბაჟო მონიტორინგის თაობაზე 2011 წელს მიღწეული შეთანხმების ამოქმედების საკითხზეც. ქართულმა მხარემ გამოთქვა აგრეთვე თავისი მკვეთრად უარყოფითი პოზიცია საქართველოს მოქალაქის, გიორგი გიუნაშვილისათვის ცხინვალის რეგიონში 20 წლით პატიმრობის მისჯის გამო. ზურაბ აბაშიძის განმარტებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი პრობლემები, როგორც წესი, ჟენევის შეხვედრებზე განიხილება, მაგრამ განსაკუთრებით პრობლემურ შემთხვევებში ქართული მხარე ყველა შესაძლებლობას იყენებს საკითხის წამოსაჭრელად. თავის მხრივ, კარასინმა წამოჭრა გასულ თვეში უკრაინაში დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ცერცვაძის საკითხი. რუსეთს მასზე ძებნა აქვს გამოცხადებული. ზურაბ აბაშიძის განმარტებით, მან შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ რუსეთ-საქართველოს ამ არაფორმალური დიალოგის ფორმატი არ ითვალისწინებს მსგავსი საკითხების განხილვას და, ზოგადად, საქართველო თავის მოქალაქეებს ვერ გადასცემს და არც გადასცემს უცხო ქვეყანას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG