Accessibility links

გიორგი კვირიკაშვილმა გაავრცელა განცხადება ოუპირებულ ცხინვალის რეგიონში რეფერენდუმის შესახებ


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გაავრცელა განცხადება ოუპირებულ ცხინვალის რეგიონში დანიშნული რეფერენდუმის შესახებ. გიორგი კვირიკაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკას და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილი მოსახლეობის შერიგებისა და ნდობის აღდგენისკენ მიმართულ ძალისხმევას, რუსეთი სამწუხაროდ, პასუხობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების იზოლაციის გაძლიერებითა და მათი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯებით. „ამის დასტურია ცხინვალის რეგიონისთვის რუსეთის ფედერაციის სუბიექტის ანალოგიური სახელის მინიჭების თაობაზე რეფერენდუმის დანიშვნის გადაწყვეტილება, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს საოკუპაციო ძალის რეალურ განზრახვას, თავის შემადგენელ ნაწილად აქციოს საქართველოს განუყოფელი რეგიონები“ - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში. გიორგი კვირიკაშვილი ხაზს უსვამს, რომ საერთაშორისო სამართლის თანახმად, უკანონო და ყოვლად მიუღებელია რეფერენდუმის ჩატარება რეგიონში, საიდანაც ეთნოწმენდის შედეგად გამოდევნილია ათეულობით ათასი მკვიდრი მოსახლე და ეფექტური კონტროლი ხორციელდება საოკუპაციო ძალის მიერ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, ერთიანი ძალისხმევით წინ აღუდგეს რუსეთის პროვოკაციულ ქმედებებს და ხელი შეუშალოს სუვერენული ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისა და ანექსიის პრაქტიკის დამკვიდრებას, რაც ძირს უთხრის რეგიონის სტაბილურობას და დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემას. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ლეონიდ თიბილოვმა 6 თებერვალს მოაწერა ხელი განკარგულებას, რომლის თანახმად, 2017 წლის 9 აპრილს დანიშნა რეფერენდუმი, ტოლფას სახელწოდებებად „სამხრეთ ოსეთის“ და „ალანიის სახელმწიფოს“ გამოცხადების საკონსტიტუციო ცვლილებაზე.

XS
SM
MD
LG