Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოსავლეთ უკრაინაში მოკლეს სეპარატისტების ლიდერი მეტსახელად „გივი“


აღმოსავლეთ უკრაინაში მოკლეს სეპარატისტების ლიდერი, მიხაილ ტოლსტიხი, მეტსახელად „გივი“. რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტების ცნობით, ის დაიღუპა 8 თებერვალის დილას დონეცკში, მის კაბინეტში ბომბის აფეთქების შედეგად. დონეცკელი სეპარატისტები „გივის“ მკვლელობას უწოდებენ „აღმოსავლეთ უკრაინის მოსახლეობის წინააღმდეგ კიევის ხელისუფლების მიერ დაწყებული ტერორისტული ომის გაგრძელებას“. ამის შესახებ იუწყება რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“. იუწყებიან ასევე, რომ აფეთქების ადგილას გამომძიებლების ჯგუფი მუშაობს. „გივი“ ხელმძღვანელობდა „სომალის“ ბატალიონის სახელით ცნობილ რაზმს და სეპარატისტებში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა დონეცკის აეროპორტისათვის სასტიკი ბრძოლის შემდეგ. 2015 წელს გადაღებულ ვიდეოში ჩანს მისი სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობა უკრაინელ სამხედროებზე, რომლებიც ამ ბრძოლის დროს დააკავეს. ზოგი წყაროს ცნობით, მიხაილ ტოლსტიხი დედის მხრიდან ქართული წარმომავლობის იყო და ბაბუის პატივსაცემად აირჩია მეტსახელად „გივი“. სეპარატისტების კიდევ ერთი ცნობილი ლიდერი, არსენი პავლოვი, მეტსახელად „მოტოროლა“ შარშან 16 ოქტომბერს დაიღუპა ლიფტში აფეთქების შედეგად. აღმოსავლეთ უკრაინაში მთავრობის ჯარებსა და რუსეთის მომხრე სეპარატისტებს შორის კონფლიქტმა, რომელიც 2014 წლის აპრილში დაიწყო, უკვე 9750-ზე მეტი ადამიანი შეიწირა.

XS
SM
MD
LG