Accessibility links

აშშ-ის სააპელაციო სასამართლოში მწვავე შეკითხვები დასვეს იმიგრაციის შემზღუდველი განკარგულების განხილვისას


აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა მწვავე შეკითხვები დასვეს სხდომაზე, რომელზეც განიხილეს იმიგრაციის შესახებ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გაცემული განკარგულება. მათ უნდა გადაწყვიტონ, ძალაში დატოვებენ თუ არა განკარგულების აღსრულების შესაჩერებლად მიღებულ ზომებს. აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს პროკურორებმა სან-ფრანცისკოს სააპელაციო სასამართლოს მიმართეს თხოვნით, კვლავ აამოქმედოს ტრამპის მიერ 27 იანვარს ხელმოწერილი განკარგულება, რადგან, პროკურორების თანახმად, მხოლოდ პრეზიდენტს აქვს უფლებამოსილება გადაწყვიტოს, ვის შეუძლია შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შესვლა. მანამდე ათზე მეტი შტატისა და ასობით კომპანიის მოთხოვნით, სასამართლომ დაბლოკა პრეზიდენტის განკარგულება, რომელიც დროებით კრძალავს შეერთებულ შტატებში ლტოლვილების მიღებას, ისევე როგორც შვიდი, უმეტესწილად მუსლიმური, ქვეყნის მოქალაქეების ჩასვლას. ტრამპის ამ განკარგულებას ოპონენტები ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევენ. ცნობების თანახმად, სააპელაციო სასამართლოს სამმა მოსამართლემ კრიტიკული შეკითხვები დაუსვა ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელ იურისტს. მოსამართლე უილიამ კენბი ჯუნიორის თხოვნას, დაესახელებინა დანაშაული, ჩადენილი პირის მიერ, რომელიც ზემოხსენებული შვიდი ქვეყნიდან არის და აშშ-ის ვიზა ჰქონდა მიღებული, ადვოკატმა მიუგო, რომ ასეთი შემთხვევა აღრიცხული არ არის. მოსალოდნელია, რომ სასამართლო მიმდინარე კვირაში მიიღებს გადაწყვეტილებას ამ საკითხზე, მაგრამ ვარაუდობენ, რომ გადაწყვეტილება გასაჩივრდება და ბოლო სიტყვას აშშ-ის უზენაესი სასამართლო იტყვის.

XS
SM
MD
LG