Accessibility links

მიმდინარე თვეში სირიაში მოკლეს „ალ ყაიდის“ 11 მაღალი რანგის წევრი


მიმდინარე თვეში, სირიაში, აშშ-ის საჰაერო იერიშების შედეგად მოკლეს ტერორისტული ორგანიზაცია „ალ ყაიდის“ 11 მაღალი რანგის წევრი, მათ შორის ვეტერანი ლიდერი აბუ ჰანი ალ-მასრი, რომელსაც უშუალო კავშირი ჰქონდა ოსამა ბინ ლადენთან და სხვა სამხედრო მეთაურებთან. ამის შესახებ პენტაგონი იუწყება. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტერორისტული დაჯგუფების ლიდერი, ალ-მასრი, რომელიც 4 თებერვალს მოკლეს, 1980-1990-იან წლებში ხელმძღვანელობდა ავღანეთში „ალ-ყაიდის“ საწვრთნელი ბაზების შექმნას. მანვე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ეგვიპტეში სუნიტური დაჯგუფების, „ისლამური ჯიჰადის“ დაფუძნებაში. როგორც პენტაგონის წარმომადგენელმა განაცხადა, ეს იყო პირველი სუნიტური დაჯგუფება, რომელმაც თავდასხმებში გამოიყენა თვითმკვლელი მოიერიშეები. ექსტრემისტული დაჯგუფების დანარჩენი ათი წევრი 3 თებერვალს მოკლეს იდლიბის მახლობლად მდებარე შენობაში, რომელსაც ისინი სტრატეგიული შეხვედრებისთვის იყენებდნენ.

XS
SM
MD
LG