Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ვაშინგტონში გაიმართება აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა


დღეს ვაშინგტონში გაიმართება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის შეხვედრა. 9 თებერვალს, მიხეილ ჯანელიძე თეთრ სახლში შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს უსაფრთხოების საკითხებში, გენერალ, მაიკლ ფლინს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძემ და მაიკლ ფლინმა განიხილეს საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები, უსაფრთხოების გარემო რეგიონში და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება. მაიკლ ფლინმა დაადასტურა თეთრის სახლის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობითვე, გენერალმა ფლინმა განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი ევროატლანტიკური უსაფრთხოების პროცესში და განაცხადა, რომ საქართველო აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ გლობალურადაც, როცა საქმე ეხება საერთაშირისო გამოწვევებსა და უსაფრთხოებას. მაიკლ ფლინმა საქართველოს მადლობა გადაუხადა მისი სამხედროების მიერ ავღანეთში გამოჩენილი სიმამაცისთვის. აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის შეფასებით, საქართველო რეგიონში სამაგალითოა დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით და აქვს რეგიონულ ეკონომიკურ ცენტრად გადაქცევის დიდი პოტენციალი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ვაშინგტონში შეხვდა სენატში რესპუბლიკელთა უმრავლესობის ლიდერს, მიჩ მაკკონელს და საგარეო ურთიერთობათა და ასიგნებების კომიტეტების რესპუბლიკელ თავმჯდომარეებს, ბობ კორკერს და ტედ კოკრანს. სენატორებმა დაადასტურეს ამერიკელი კანონმდებლების მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

XS
SM
MD
LG