Accessibility links

ლუზერების გარეშე


ავტორი: ანა კამლაძე

ჯერ კიდევ თვეების წინ, სუპერმარკეტების ქსელმა „ფრესკომ“ განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია წესის შემოღებით, რომლის მიხედვითაც სამუშაო დღე საქართველოს ეროვნული ჰიმნით იწყება და სრულდება. ამ, ერთი შეხედვით უწყინარი და პატრიოტიზმით განმსჭვალული წესის ექსპლუატაციად სახელდებაც შეგვიძლია, თუმცა ექსპლუატაციაზე ქვემოთ განვავრცოთ და წერილი გავხსნათ შეკითხვით - არის თუ არა პატრიოტიზმი ხელსაყრელი თავშესაფარი ნაძირლებისთვის?

გუშინ გავრცელდა „ფრესკოს“ თანამშრომლების მიმართვა, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია ქსელში არსებული შრომითი დარღვევების შესახებ. ეს დარღვევები მოიცავს 12 საათიან სამუშაო დღეს (ზეგანაკვეთური ანაზღაურების გარეშე), ხელფასის ხელოვნურ დანაკლისებს, უქმე დღეებში მუშაობას, ჯარიმების არაადექვატურ რაოდენობას, თანამშრომლებზე სხვადასხვა ტიპის ზეწოლას.

ჩვენ ამ სცენარს ვიცნობთ, მშრომელები ჩივიან, ადმინისტრაცია პრობლემების არსებობას უარყოფს, შემდგომ მცირეოდენ, შეურაცხმყოფელ კომპრომისზე მიდის და დავის პროცესი ჩერდება. თუმცა „ფრესკოს“ ადმინისტრაცია ხისტი და შეუვალი აღმოჩნდა, მათ მიმართვის პასუხად გაავრცელეს წერილი, რომლის მთავარი, ფინალური სლოგანი ასე ჟღერს - „ფრესკო ლუზერების გარეშე!“

აქვე უნდა აღვნიშნოთ, ამ წერილების გამოქვეყნებიდან მალევე გავრცელებული ქსელის დირექტორის ინტერვიუ, რომელში საუბარსაც იგი ირონიული დაქადნებით ასრულებს და ამ შეფარულ აგრესიაში ვკითხულობთ რიტორიკას - თუ მე ჩავიძირები, ყველას ჩავიყოლებ. ამ ნაწილში, ჩვენ შეგვიძლია, დირექტორს სრულად დავეთანხმოთ.

მართლაც, რატომ მხოლოდ „ფრესკო“? სუპერმარკეტების თითქმის ყველა ქსელში ფიქსირდება მწვავე შრომითი დარღვევები, მშრომელების შევიწროება, მუქარა, ღირსების შელახვა, სახელფასო დანაკლისები და ა.შ. „ფრესკოს“ შემთხვევა უნდა იყოს სერვისის სფეროში უსამართლობასთან ბრძოლის სამაგალითო დასაწყისი. ,,ფრესკო“ ერთ-ერთი რგოლია ამ სრულიად უკონტროლო ბიზნეს სფეროში და მისი მეთოდები არაფრით განსხვავდება „ფუდმარტის“, „იოლის“, „ნუგეშის“, „ნიკორას“, „კარფურის“ და სხვა ქსელების მმართველობითი სტრატეგიებისგან. როგორც ფრესკოს ადმინისტრაციის ერთ-ერთ განცხადებაში ვკითხულობთ ფრესკოში „ისეთი არაფერი ხდება, რაც სხვაგან არ ხდება.“ დიახ, „ფრესკო“ ნამდვილად არ არის ერთადერთი დამნაშავე, „ფრესკო“ ერთ-ერთი დამნაშავეა.

ახლა რაც შეეხება პოლიტიკურ და იდეოლოგიურ კონიუნქტურებს. ჩვენ არ ვიცით, ვისი მომხრეა „ფრესკოს“ მმართველი, წინა თუ ახლანდელი ხელისუფლების. მაგრამ, ჩვენ შეგვიძლია ქსელის მენეჯმენტის რიტორიკის თარგმნა, პოლიტიკურად წაკითხვა. მენეჯმენტი ებრძვის ლუზერობას, სიგოიმეს, რომელსაც დაბალი კლასი ავლენს. ჩვენ ამ პოლიტიკის შედეგები უკვე ვნახეთ, ეს პოლიტიკა უშუალოდ აისახა ბევრ ჩვენგანზე. სიგოიმესთან და ლუზერობასთან ბრძოლის ლიბერალური რიტორიკა საქართველოში ნაციონალურმა მოძრაობამ დაამკვიდრა და ეს ჩვენი მძიმე ისტორიული მემკვიდრეობაა. ჩვენ წლების მანძილზე გვისწორდებოდნენ იმის გამო, რომ არ ვიყავით ელიტა და მუდმივად გვიღვივებდნენ სურვილს, დაბალი ფენების დაცინვით, ელიტურობის ხიბლით დაბრმავებულებს გვებრძოლა ელიტების ინტერესებისთვის.

ჩვენ სახელმწიფოსგან მოვითხოვთ ქმედით შრომის ინსპექციას, რომელსაც სავალდებულო, დამსჯელობითი ფუნქცია ექნება, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ მსგავს შრომით დარღვევებს დამსაქმებელი ვეღარ განახორციელებს. შრომის ინსპექცია არის მექანიზმი, მაგრამ ქმედითი შრომის ინსპექცია იქნება იარაღი ჩაგრულ მშრომელთა ხელში.

ხოლო კითხვაზე, არის თუ არა პატრიოტიზმი ნაძირლებისთვის ხელსაყრელი თავშესაფარი, „ფრესკოს“ შემთხვევაში შეგვიძლია ვუპასუხოთ, რომ დიახ, სწორედ ასეა. ჩვენ არ გვჭირდება სამშობლოს სიყვარულის დამადასტურებელი, დროშის გამოფენითა და ჰიმნის მღერით გამოხატული ყალბი პათეტიკა, ჩვენ გვჭირდება ღირსეული პირობები მშრომელებისთვის. აი, რა არის სამშობლოს სიყვარულის პრაქტიკული დადასტურება - ექპლუატაციის არარსებობა, დასაქმებულების ღირსების შეულახავობა, უსაფრთხო შრომითი გარემოს უზრუნველყოფა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG