Accessibility links

გადადგა თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში, მაიკლ ფლინი


აშშ-მა გამოაცხადა, რომ გადადგა თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში მაიკლ ფლინი მას შემდეგ, რაც, ცნობების თანახმად, გაირკვა, რომ მან არასწორი ინფორმაცია მიაწოდა ოფიციალურ პირებს რუსეთის ელჩთან კონტაქტის თაობაზე. ფლინის გადადგომა 13 თებერვლის საღამოს, როცა ერთი თვეც არ იყო გასული პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გუნდში მისი ჩართვიდან, პრეზიდენტის მრჩეველთა შემადგენლობაში უჩვეულოდ მოკლე ვადაში მომხდარი ცვლილებაა. ფლინი ტრამპის ერთგულ მხარდამჭერად ითვლებოდა შარშანდელი წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მაგრამ რუსეთთან მისი ურთიერთობა შეშფოთებას იწვევდა ტრამპის გუნდის ზოგ წევრშიც. მაიკლ ფლინის გადადგომის მიზეზად მიჩნეულია ის გარემოება, რომ ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს მან ჯერ უთხრა, რომ რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებზე არ უმსჯელია დეკემბერში, ვაშინგტონში რუსეთის ელჩთან სატელეფონო საუბრების დროს. მაგრამ რამდენიმე კვირის შემდეგ ფლინმა აღიარა, რომ შესაძლოა სანქციებსაც შეეხო რუს დიპლომატთან საუბრისას. არადა, ასეთი დისკუსია არღვევს შეერთებული შტატების კანონს, რომლითაც კერძო პირებს ეკრძალებათ უცხო ქვეყნების ოფიციალურ წარმომადგენლებთან საგარეო-პოლიტიკურ თემებზე მოლაპარაკება. ფლინის განცხადებაში, რომელიც გადადგომასთან დაკავშირებით გავრცელდა, ის აღნიშნავს, რომ ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს და სხვა ოფიციალურ პირებს არასრული ინფორმაცია მიაწოდა აშშ-ში რუსეთის ელჩთან სატელეფონო საუბრების თაობაზე. თეთრმა სახლმა გადამდგარი გენერალი კით კელოგი დაასახელა ეროვნული უშიშროების საკითხებში მრჩევლის მოვალეობის შემსრულებლად.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG