Accessibility links

ილია მეორე პალატაში გადაიყვანეს "წარმატებით ჩატარებული" ოპერაციის შემდეგ


საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელი, კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე პალატაში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში 13 თებერვალს გაუკეთეს ქირურგიული ოპერაცია ნაღვლის ბუშტზე და თავდაპირველად ინტენსიურ პალატაში მოათავსეს. 14 თებერვალს ის საქართველოდან ჩასულმა ჟურნალისტებმაც მოინახულეს. ილია მეორემ მათ მადლობა გადაუხადა და უთხრა, რომ "ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა". ოპერაციას "წარმატებულს" უწოდებს საქართველოს საპატრიარქოც, რომელმაც დღეს ოფიციალური განცხადება გაავრცელა ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. საპატრიარქოს ინფორმაციით, პატრიარქი საავადმყოფოს, სავარაუდოდ, ერთ კვირაში დატოვებს. რაც შეეხება დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებას, საქართველოს საპატრიარქო აღნიშნავს, რომ ეს სრულიად მოულოდნელი ფაქტია. „ინფორმაციის არქონის გამო, ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ და დაველოდებით გამოძიების შედეგებს“ - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში. 13 თებერვალს, როცა ილია მეორეს ბერლინში ოპერაცია გაუკეთეს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ 10 თებერვალს, გერმანიაში გამგზავრების წინ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს დეკანოზი, გიორგი მამალაძე, რომელიც, ბრალდების თანახმად, ამზადებდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობას საშიში, შხამიანი ნივთიერების, ციანიდის გამოყენებით. ცნობების თანახმად, მამალაძე უარყოფს ბრალდებას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG