Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტოლტენბერგი ნატოს წევრებს მოუწოდებს, გაზარდონ თავდაცვის დაფინანსება


ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ალიანსის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, გაზარდონ თავდაცვის დაფინანსება. ამ მოწოდებით ის გამოვიდა ბრიუსელში, ნატოს მინისტერიალამდე, რომელშიც პირველად მიიღებს მონაწილეობას აშშ-ის თავდაცვის ახალი მინისტრი ჯეიმს მატისი. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ 2016 წელს ნატოს ევროპელმა წევრებმა და კანადამ 3,8%-ით გაზარდეს სამხედრო ხარჯები. ეს, დაახლოებით, 10 მილიარდი დოლარით მეტია ჩვენი თავდაცვისთვისო, აღნიშნა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ თავდაცვისთვის განკუთვნილი ხარჯები იყო მთავარი თემა შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან მისი ორი სატელეფონო საუბრის დროს. სტოლტენბერგმა ახსენა საქართველოსთან ნატოს თანამშრომლობის საკითხიც: „მინისტერიალს დავასრულებთ ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრით, სადაც განვიხილავთ რეგიონში უსაფრთხოების მხრივ არსებულ ვითარებას და საქართველოს რეფორმებს, რომლებიც ქვეყანას ნატოსთან აახლოვებს“,- განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა მინისტერიალის დაწყებამდე ერთი დღით ადრე გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

XS
SM
MD
LG