Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რესპუბლიკელები ხელისუფლებას მოუწოდებენ გადახედოს ეკლესიის დაფინანსების პოლიტიკას


საქართველოს „რესპუბლიკურმა პარტიამ“ ხელისუფლებას მოუწოდა, გადახედოს სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსების პოლიტიკას. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ რესპუბლიკელები საუბრობენ არა რწმენასა და მის თავისუფლებაზე, არამედ ეკლესიაზე, როგორც ორგანიზაციაზე. სამნიძის თქმით, შევარდნაძე-აბაშიძის რეჟიმის პირობებში ეკლესია იღებდა მატერიალურ ხელშეწყობას, რამაც სააკაშვილის დროს მიიღო მრავალფეროვანი ფორმა, დღეს კი შეიძინა კიდევ უფრო რადიკალური ხასიათი. ხათუნა სამნიძის ინფორმაციით, თბილისის საკრებულოს პრაქტიკულად ყველა სხდომის დღის წესრიგშია შეტანილი მართლმადიდებელი ეკლესიისთვის თბილისის ქონების გადაცემის საკითხი და არ ხდება მისი მიზნობრიობის განხილვა. „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის შეფასებით, მსგავსი პროცესების შედეგად, ეკლესია გახდა ხელისუფლების ავტონომიური ნაწილი, ურთიერთსარგებელზე და ხშირად ურთიერთშანტაჟზე დაფუძნებულმა თანამშრომლობამ კი კრიზისი გამოიწვია. „ვთვლით, რომ ამ რთულ ვითარებაში მნიშვნელოვანია, გაიმიჯნოს ეკლესია და სახელმწიფო, ხელისუფლება და ეკლესია არ გასცდნენ კონკორდატით შეთანხმებულ ნორმებს და შეწყდეს მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსების დღეს არსებული პოლიტიკა“ - განაცხადა ხათუნა სამნიძემ. მასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე „რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტიკურმა მდივანმა, თამარ კორძაიამ აღნიშნა, რომ ვითარდება მნიშვნელოვანი მოვლენები, როცა ტაბუ მოეხსნა ეკლესიასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბარს და დაიწყო დისკუსია, რომლის შედეგი უნდა იყოს ძლიერი სეკულარული სახელმწიფოს შექმნა. თამარ კორძაიას ინფორმაციით, 2001 წლიდან, კონკორდატის გაფორმების შემდეგ, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მიღებული აქვს 200 მილიონ ლარზე მეტი თანხა და მილიონ ჰექტარზე მეტი მიწა.

XS
SM
MD
LG