Accessibility links

ზახაროვა: ხვალ ბონში გაიმართება რექს ტილერსონისა და სერგეი ლავროვის შეხვედრა


მოსკოვის საგარეო უწყების ცნობით, ხვალ გერმანიის ქალაქ ბონში ერთმანეთს შეხვდებიან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი. ეს ორი ქვეყნის წარმომადგენელთა უმაღლესი დონის შეხვედრაა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა დონალდ ტრამპმა. კრემლის საგარეო უწყების პრესმდივანს, მარია ზახაროვას, არ დაუზუსტებია, კერძოდ რა საკითხებზე ისაუბრებენ ხვალინდელ შეხვედრაზე ლავროვი და ტილერსონი. ზახაროვამ მხოლოდ ის თქვა, რომ საუბარი შეეხება „ორმხრივ ურთიერთობას, რომელიც ჩიხში მოექცა შეერთებული შტატების წინა პრეზიდენტის მმართველობისას“. რადიო თავისუფლებასთან საუბარში, ცნობა ამ შეხვედრის შესახებ არ დაადასტურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. ხვალ აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში უნდა გაიმართოს აშშ-ისა და რუსეთის უმაღლესი თანამდებობის სამხედრო პირთა შეხვედრა. აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე, ჯოზეფ დანფორდი შეხვდება რუსეთის არმიის გენერალური შტაბის უფროსს, ვალერი გერასიმოვს. დღის წესრიგის თანახმად, გენერლები იმსჯელებენ ორი ქვეყნის სამხედრო თანამშრომლობის არსებული მდგომაროების შესახებ, ისაუბრებენ თანმიმდევრული და მკაფიო კომუნიკაციის მნიშვნელობაზე თავდაცვის სფეროში, რათა თვიდან იქნეს აცილებული არასწორი პროგნოზები და პოტენციური კრიზისი.

XS
SM
MD
LG