Accessibility links

თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა ნიკა გვარამიას გამოკითხვა


თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გამოკითხვა. გვარამიამ ჟურნალისტებს აცნობა, რომ გამომძიებელს ძირითადად, აინტერესებდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარესთან, მამუკა ახვლედიანთან მისი საუბრის შინაარსი და მიზეზები. „ეს გამოძიება არ მიმდინარეობს არც ქრთამის აღებაზე, არც რაიმე სხვაზე. გამოძიება მიმდინარეობს ინფორმაციის უკანონოდ მოპოვებასა და კომპიუტერულ სისტემაში შეღწევაზე, ამიტომ ჩვენი განმარტება იყო, რომ შეკითხვები უნდა შეეხებოდეს მხოლოდ გამოძიებას და თუ ცდება გამოძიების ინტერესებს, პასუხისგან თავს შევიკავებთ“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ. მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, „კითხვებზე პასუხები იქნა გაცემული მთელ რიგ შემთხვევებში.“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მტკიცებით, ექსპერტიზის დასკვნა ყალბია, რადგან გავრცელებული ჩანაწერი არ ასახავს რეალურად სამ პირს შორის შემდგარ საუბარს. 14 თებერვალს, საქართველოს შსს-მ ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით, ავთენტურად გამოაცხადა 2016 წლის ოქტომბერში, ინტერნეტსივრცეში გავრცელებული, „რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას და თბილისის საქალაქო სასამართლოს იმჟამინდელი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის საუბრის ფარული ჩანაწერი. ამ ჩანაწერის თანახმად, ახვლედიანი გვარამიას ესაუბრება სასამართლო სისტემაში შექმნილ პრობლემებზე და ამბობს, რომ თუ რაიმე სხვა გამოჩნდება და ოჯახი მშიერი არ დარჩება, სამსახურს დატოვებს. საპასუხოდ, ნიკა გვარამია აღნიშნავს, რომ „ეგ რთული არ არის.“ გავრცელებულ ჩანაწერში „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ახსენებს რამდენიმე მილიონსაც. ნიკა გვარამიამ დაადასტურა, რომ მამუკა ახვლედიანთან საუბარი თავად ჩაწერა, თუმცა, განაცხადა, რომ მისი კომპიუტერიდან მასალა უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. რაც შეეხება ჩანაწერში მოხსენიებულ თანხას, ნიკა გვარამიას მტკიცებით, ის შეხვედრის მონაწილე მესამე პირს ესაუბრება „რუსთავი 2“-ის დავალიანების დაფარვის საკითხზე. გვარამიასთან თანხის შესახებ საუბარს უარყოფს მამუკა ახვლედიანიც. შსს-მ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია გამოკითხვაზე 14 თებერვალს დაიბარა, თუმცა, მან სამინისტროს მიერ წარმოებულ გამოძიებას უნდობლობა გამოუცხადა და გამოკითხვა სასამართლოში მოითხოვა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG