Accessibility links

ფიფას პრეზიდენტი არ ელის ხულიგნობით გამოწვეულ გართულებებს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე


მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს, ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ უარყო ცნობები, თითქოს რუსეთში გაისისთვის დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატზე მოსალოდნელი იყოს ხულიგნობასთან დაკავშირებული გართულებები. „არა მგონია, 2018 წელს რაიმე პრობლემა შეიქმნას, სრულად ვენდობი რუსეთის მთავრობას“ - აღნიშნა ფიფას პრეზიდენტმა ყატარის დედაქალაქ დოჰაში დღეს გამართულ შეხვედრაზე. ინფანტინოს ეს კომენტარი გავრცელდა დიდ ბრიტანეთში დაგეგმილი სატელევიზიო დოკუმენტური ფილმის ჩვენებამდე. ფილმში რუსეთის რადიკალი ქომაგები ინგლისელ გულშემატკივრებს, მსოფლიო ჩემპიონატზე დასწრების შემთხვევაში, შურისძიებით ემუქრებიან. შარშან, საფრანგეთში გამართული ევროპის ჩემპიონატის დროს რუს და ინგლისელ გულშემატკივრებს შორის გაიმართა ხელჩართული ბრძოლა, რომლის შემდეგაც ქვეყნიდან გააძევეს რუსეთის რამდენიმე მოქალაქე. ინფანტინომ დასძინა, რომ რუსეთის ვიცეპრემიერისთვის, ვიტალი მუტკოსთვის არ მიუმართავს თხოვნით, გადადგეს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან. მუტკო უწინ სპორტის მინისტრად მუშაობდა და მის სახელს უკავშირდება რუსი სპორტსმენების მიერ დოპინგის მოხმარების სკანდალი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG