Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლოში მიმდინარეობს ამავე სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მოწმის სტატუსით დაკითხვა


თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს ამავე სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის მოწმის სტატუსით დაკითხვა. საქართველოს შსს გასული წლიდან იძიებს ტელეკომპანია ”რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის და მისი და მამუკა ახვლედიანის პირადი საუბრის ჩანაწერის უკანონოდ მოპოვება-გავრცელების ფაქტს. ეს ჩანაწერი ინტერნეტსივრცეში გავრცელდა შარშან ოქტომბერში, ამ კვირაში კი შსს-მ განაცხადა, რომ ექსპერტიზამ ჩანაწერის ავთენტურობა დაადასტურა. 16 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმედ დაკითხეს „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია. მისი მტკიცებით, ექსპერტიზის დასკვნა ყალბია, რადგან გავრცელებული ჩანაწერი არ ასახავს საუბარს, რომელიც რეალურად შედგა სამ პირს შორის. ჩანაწერის თანახმად, მამუკა ახვლედიანი ნიკა გვარამიას ესაუბრება სასამართლო სისტემაში შექმნილ პრობლემებზე და ამბობს, რომ თუ რაიმე სხვა გამოჩნდება და ოჯახი მშიერი არ დარჩება, სამსახურს დატოვებს. საპასუხოდ, ნიკა გვარამია აღნიშნავს, რომ „ეგ რთული არ არის.“ გავრცელებულ ჩანაწერში „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ახსენებს რამდენიმე მილიონსაც. ნიკა გვარამიამ დაადასტურა, რომ მამუკა ახვლედიანთან საუბარი თავად ჩაწერა, თუმცა, განაცხადა, რომ მისი კომპიუტერიდან მასალა უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. რაც შეეხება ჩანაწერში მოხსენიებულ თანხას, ნიკა გვარამიას მტკიცებით, ის არა მამუკა ახვლედიანს, არამედ შეხვედრის მონაწილე მესამე პირს ესაუბრება „რუსთავი 2“-ის დავალიანების დაფარვის საკითხზე. გვარამიასთან თანხის შესახებ საუბარს უარყოფს მამუკა ახვლედიანიც.

XS
SM
MD
LG