Accessibility links

აშშ-მა გააკრიტიკა უკრაინელ სეპარატისტთა გაცემული საბუთების აღიარება რუსეთის მიერ


კიევში აშშ-ის საელჩომ რუსეთის გადაწყვეტილება, უკრაინის თვითგამოცხადებული ორი რაიონის, დონეცკის და ლუგანსკის პასპორტების აღიარების შესახებ, შეაფასა როგორც კონფლიქტის მოგვარების მინსკის პროცესთან შეუთავსებელი. 19 თებერვალს საელჩომ ტვიტერით გაავრცელა ცნობა, რომ მოსკოვის გადაწყვეტილება საგანგაშოა და შეუთავსებელია მინსკის სამშვიდობო პროცესთან. საელჩო ასევე მოუწოდებს სეპარატისტებს და რუსეთს, გაიყვანონ მძიმე შეიარაღება გამყოფი ზოლის სიახლოვიდან, რათა ზავის პირობების დაცვის უზრუნველყოფა მოხდეს. რუსეთის პრეზიდენტმა 18 თებერვალს მოაწერა ხელი განკარგულებას, რომლის თანახმად, დროებით იქნება აღიარებული აღმოსავლეთი უკრაინის სეპარატისტული რეგიონების მიერ გაცემული საბუთები. მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცემათ იმუშაონ, ისწავლონ და იმოგზაურონ რუსეთში. დეკრეტის თანახმად, ახალი წესები ძალაში დარჩება, სანამ მინსკის სამშვიდობო შეთანხმების შესაბამისად ვითარება პოლიტიკურად არ მოგვარდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG