Accessibility links

ახალი ამბები

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ერაყში ჩავიდა

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ჯეიმს მატისი მოულოდნელად ესტუმრა ერაყს, სადაც ერთ-ერთი ყველაზე უფრო ფართომასშტაბიანი იერიში მიმდინარეობს ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. მატისის ვიზიტის ერთ-ერთი მიზანია, დაუდასტუროს თეთრი სახლის მხარდაჭერა ერაყის ლიდერებს, რომლებიც აღაშფოთა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ საპრეზიდენტო კამპანიის დროს ნათქვამმა ფრაზამ, რომ სამხედრო მხარდაჭერის საფასურად „საჭირო იყო ერაყის ნავთობის კონფისკაცია“. ამ სიტყვების კომენტირებისას, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ერაყში განაცხადა, რომ აშშ-ი იმისთვის არ არის ერაყში, რომ „ვინმეს ნავთობის კონფისკაცია მოახდინოსო“.

ყველა ახალი ამბავი

უკრაინის არჩეული პრეზიდენტი თურქეთში გაემგზავრა

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტად არჩეული შოუმენი და პროდიუსერი ვოლოდიმირ ზელენსკი რამდენიმე დღით თურქეთში გაემგზავრა.

ზელენსკიმ ფეისბუქზე დაწერა, რომ საჯაროობის შეთანხმებიდან გამომდინარე ყველას ატყობინებს, რომ ბავშვები მიჰყავს ყოველწლიურ ფესტივალზე „ვესელო“ და ორ დღეში დაბრუნდება.

უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტი იმასაც წერს, რომ ბოლო 4 თვის განმავლობაში ეს მისი პირველი უქმე დღეებია.

უკრაინული მედიასაშუალებების ცნობით, ფესტივალი „ვესელო“ ზელენსკის მიერ დაფუძნებული სტუდიის „95 კვარტლის“ პროექტია და წელს თურქეთის საკურორტო ქალაქ ბოდრუმში ტარდება.

დაკავებული სუსლიაკის ადვოკატი: სახლი ვუქირავე წყნეთში, სამი ძიძაც მოვუძებნე, აქ უნდა ჩამოსულიყო

ათი ბავშვის თანმხლები ქალი, უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი თბილისში, დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. როგორც ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ უთხრა რადიო თავისუფლებას, დაკავების ფაქტი მისთვის დიდი მოულოდნელობა იყო. ადვოკატი იმედოვნებს, რომ დეტალებს თავად იულია სუსლიაკთან შეხვედრის დროს გაარკვევს.

„ბოლო კომუნიკაცია გუშინ, საღამოს 9 საათზე მქონდა. მე მას ვუქირავე კეთილმოწყობილი ორსართულიანი სახლი წყნეთში, სამი ძიძაც მოვუძებნე. უკვე ბავშვების საავადმყოფოდან გამოწერაზე იყო საუბარი. იულიამ მითხრა - ნივთებს ვალაგებ და თბილისში მოვდივართო. ამ დილით მას უკვე წყნეთში უნდა შევხვედროდი. ბავშვები სოციალურმა სამსახურმა წაიყვანა. რა მოხდა, არ ვიცი“, - ამბობს ზურაბ თოდუა.

მისი თქმით, სახლის ქირისა და ძიძების ხარჯები უნდა დაეფარა იულია სუსლიაკის მეუღლეს, რომელიც ამჟამად აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება.

იულია სუსლიაკი ათ ბავშვთან ერთად საქართველოში 8 აპრილს მოსკოვი-თბილისის ავიარეისით ჩამოვიდა და ზუგდიდში დასახლდა. სუსლიაკის მტკიცებით, ბავშვები მისი შვილები არიან და ის მათთან ერთად ოჯახის მამასთან, აფხაზეთში აპირებდა ჩასვლას.

19 აპრილს ბავშვები ინტოქსიკაციის გამო ზუგდიდის საავადმყოფოში მოხვდნენ. შემდეგ, რამდენიმე დღეში ისინი ქუთაისის ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრში გადაიყვანეს.

როგორც ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ უთხრა რადიო თავისუფლებას, იულია სუსლიაკი ოთხი ბავშვის ბიოლოგიური დედაა, ხოლო დანარჩენი ექვსი ბავშვი მისი ქმრის ბიოლოგიური შვილები არიან. ამის დასამტკიცებლად, ადვოკატ თოდუას თქმით, 23 აპრილს იულია სუსლიაკმა ჩააბარა თავისი და ბავშვების ბიოლოგიური მასალები დნმ-ის ტესტის ჩასატარებლად.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოძიების დაწყების შესახებ ინფორმაცია 20 აპრილს გავრცელდა. უწყების თანახმად, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 143-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ადამიანით ვაჭრობა - ტრეფიკინგი). შს სამინისტროს განცხადებით, მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა უცხოელ პარტნიორებთან.

აზერბაიჯანი აცხადებს, რომ საქართველოსთან საზღვრის დელიმიტაციის სწრაფად დასრულებას ემხრობა

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორია

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა აზერბაიჯანელი მესაზღვრების მიერ დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრისკენ გზის დაკეტვას.

სააგენტო „ტრენდ“-ს მოჰყავს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის, ლეილა აბდულაევას კომენტარი, რომლის თანახმად, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი მოიცავს მრავალ ისტორიულ-არქიტექტურულ ობიექტს, რომელიც 25 კილომეტრზე, ფერდობებზეა გაშლილი და აქ გადის ორ მონაკვეთად გაყოფილი აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვარი.

აბდულაევას განცხადებით, სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის საკითხის გადაწყვეტა მიმდინარეობს არსებული ორმხრივი ფორმატების ფარგლებში და ეფუძნება შესაბამისი საერთაშორისო პროცედურებით დადგენილ პრაქტიკას.

ლეილა აბდულაევას თქმით, აზერბაიჯანი ყოველთვის ემხრობოდა საქართველოსთან საზღვრის დელიმიტაციის საკითხის სწრაფად გადაწყვეტას და მზად არის ამ პროცესის უახლოეს ხანში დასასრულებლად.

25 აპრილს, დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა, კირიონმა სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ აცნობა, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტრისკენ გადაადგიელბა შეზღუდეს და იქ არც სასულიერო პირებს უშვებენ. იმავე დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ მყისიერად მიმართეს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, რომელმაც დაკეტილი პუნქტი გახსნა.

ზალკალიანის ინფორმაციით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესი შეფერხებული იყო სამთავრობო კომისიებში ცვლილებების გამო.

26 აპრილს დილით, არქიმანდრიტმა კირიონმა „ინტერპრესნიუსს“ აცნობა, რომ უდაბნოს მონასტერთან ზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ დაკეტილი მონაკვეთი გახსნილია და მომლოცველებს და ტურისტებს გადაადგილება თავისუფლად შეუძლიათ.

აშშ-მა სანქციები დაუწესა ჩეჩნეთის მთავრობის მეთაურს

მუსლიმ ხუჩიევი

აშშ-ის ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა ჩეჩნეთის მთავრობის თავმჯდომარეს, მუსლიმ ხუჩიევს და მისი ოჯახის წევრებს.

სახელმწიფო დეპარტამენტი მიზეზად ასახელებს ეუთოს გამოძიებას, რომელიც ეხება ჩეჩნეთში ადამიანის უფლებათა ხელყოფას, უკანონოდ დაკავებას, წამებას, გაუჩინარებას და სასამართლოს გარეშე დასჯას.

სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ხუჩიევს უშუალო კავშირი აქვს ადამიანების წამებასთან.

აშშ მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, პასუხი აგებინოს ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დარღვევასთან კავშირის მქონე ყველა პირს, მათ შორის, ადგილობრივი მთავრობის თავმჯდომარეს.

მუსლიმ ხუჩიევი ჩეჩნეთის მთავრობას 2018 წლიდან ხელმძღვანელობს. მანამდე ის გროზნოს მერი იყო.

გუდამაყრის ხეობაში ხანძარი ლოკალიზებულია

ლოკალიზებულია გუდამაყრის ხეობის ტყეში 25 აპრილს საღამოს გაჩენილი ხანძარი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. მასში ჩართულია 80-მდე მეხანძრე-მაშველი.

რთული რელიეფის გამო, ხანძრის ზონაში ვერ მოხერხდა სახანძრო ავტომანქანებით შესვლა. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 5 ჰექტარი ტერიტორია.

ფეისბუკი მონაცემთა დაცვის უფლების დარღვევისთვის ხუთ მილიარდ დოლარიანი შესაძლო ჯარიმის გადახდისთვის ემზადება

მსოფლიოს უდიდესი სოციალური ქსელი, ფეისბუკი აცხადებს, რომ ემზადება შესაძლო ხუთ მილიარდ დოლარიანი ჯარიმის გადასახდელად.

აშშ-ის ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ გამოიკვლია, დაარღვია თუ არა ფეისბუკმა მომხმარებელთა მონაცემთა დაცვის უფლებები. ქსელმა განაცხადა 24 აპრილს, რომ სამი დოლარი აქვს მომზადებული შესაძლო ფულადი ჯარიმების დასაფარად, თუმცა პრობლემა არ არის "მოგვარებული".

ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ გამოიკვლია, დაარღვია თუ არა ფეისბუკმა მომხმარებლებთან 2011 წლის შეთანხმება, რომლის თანახმად, მან პირობა დადო, რომ პირად გამოუქვეყნებელ მონაცემებს ყოველ ჯერზე ცხადი თანხმობის გარეშე მესამე მხარეს არ გადასცემდა.

ამ უფლების დარღევის შესახებ ცნობილი გახდა, როცა „კემბრიჯ ანალიტიკას“, რომელიც მაშინ საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის და სხვების კამპანიას პოლიტიკურ ინფორმაცის აწვდიდა, წვდომა ჰქონდა 87 მილიონი ათასი ადამიანის მონაცემებზე, რომლებიც ჩვეულებრივ, კერძო ხასიათისაა.

გუდამაყრის ხეობაში გაჩენილ ხანძარს ამ დრომდე 20-მდე მეხანძრე აქრობს

გუდამაყრის ხეობაში, დაახლოებით 5 ჰექტარ ტერიტორიაზე მოდებულ ცეცხლს ამ დრომდე ებრძვის 20-მდე მეხანძრე-მაშველი. ცეცხლი ბალახსა და ჯუჯა ხეებს მოეკიდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე ღია ცეცხლი აღარ შეინიშნება, თუმცა ჯერ ნაადრევია იმის თქმა, რომ ხანძარი ლოკალიზებულია.

ხანძრის სრულად ჩაქრობას ისიც ართულებს, რომ ადგილი ძნელად მისადგომია, სადაც სამაშველო მანქანები მისვლას ვერ ახერხებენ. ამიტომ მეხანძრეები ამ ეტაპზე ცეცხლს სპეციალური ხამძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობით ებრძვიან.

ხანძარია მთის წვერზეა გაჩენილი.

პუტინმა უარყო თავისი გეგმის კრიტიკა, მიანიჭოს უკრაინელებს რუსეთის მოქალაქეობა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უარყო საერთაშორისო კრიტიკა თავისი გადაწყვეტილების მიმართ, გაუადვილოს რუსეთის მოქალაქეობის მიღება უკრაინელებს, რომლებიც პრორუსულ სეპარატისტთა ხელში მყოფ აღმოსავლეთის რეგიონებში ცხოვრობენ.

ვლადივოსტოკში, სადაც პუტინი ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შეხვდა, 25 აპრილს, მან განაცხადა, რომკიევის რეაქცია „უცნაურად“ მოეჩვენა. მისი თქმით, ასეთი პრაქტიკა დიდი ხანია არსებობს ევროპის კავშირის წევრს ქვეყნებში, როგორებიც რუმინეთი და უნგრეთია, სადაც მეზობელ ქვეყნებში მცხოვრებ მონათესავე ეთნიკურ ჯგუფს მოქალაქეობას ანიჭებენ.

პუტინის დეკრეტმა გამოიწვია სწრაფი და ბრაზიანი რეაქცია კიევში, აშშ-ში, ბრიტანეთში და ევროპის კავშირში. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა მას უწოდა „აგრესია და ჩარევა“ კიევის საქმეებში.

ერთმა დასავლელმა დიპლომატმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მოსკოვის ქმედება „ ერთობ პროვოკაციული ნაბიჯია“, რომელიც ძირს უთხრის ვითარებას რეგიონში.

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ პუტინის დეკრეტი „დარტყმაა სამშვიდობო პროცესისთვის“. გაეროს წარმომადგენლობამ უკრაინაში განაცხადა, რომ კიევმა გაეროს უშიშროების საბჭოს სთხოვა მოიწვიოს სხდომა, რათა განიხილონ რუსეთის თავხედური გადაწყვეტილება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მოსკოვის ქმედება „ერთობ პროვოკაციულია აქტია, რომელიც ძირს უთხრის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს".

ილია მეორე: ჩვენ უფრო ვთხოულობთ, მაგრამ გვავიწყდება მადლობის თქმა

„საერთოდ, ლოცვისას ჩვენ უფრო ვთხოულობთ. არსებობს თხოვნითი კვერექსი, ეს არის მწუხრზე, ცისკარზე და წირვაზე, მაგრამ ჩვენ გვავიწყდება მადლობის თქმა. მადლობა უნდა შევწიროთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის“, - განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ქადაგებისას, დიდი ხუთშაბათის წირვის დასრულების შემდეგ.

ილია მეორემ ყველას მიულოცა წმინდა ზიარების მიღება და თქვა, რომ დღეს განსაკუთრებული დღეა. დღე, როდესაც მაცხოვარმა აზიარა მოციქულები და მათ შორის აზიარა იუდა ისკარიოტელი.

„წმინდა მამები ამბობენ, რომ იუდა ისკარიოტელი ზიარების შემდეგ გამოვიდა და გასცა მაცხოვარი. მადლობა რომ შეეწირა მაცხოვრისათვის წმინდა ზიარების მიღებისათვის, ის ვეღარ გასცემდა, ეშმაკი ვერ შევიდოდა მასში“, - განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატარიარქმა.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 25 აპრილს დიდ ხუთშაბათს აღნიშნავს. სახარების მიხედვით, ამ დღეს იესო ქრისტემ მოწაფეები პირველად აზიარა და ამით ევქარისტიის საიდუმლო დააწესა. წირვის შემდეგ სრულდება ფეხთბანვის რიტუალი - ილია მეორე 12 სასულიერო პირს ფეხს ბანს. დიდი ხუთშაბათის კიდევ ერთი მსახურება 12 სახარების წაკითხვაა.

პუტინი: ფხენიანს „გარანტიები“ სჭირდება თავისი ბირთვული პროგრამის შეწყვეტამდე

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთი კორეის ლიდერთან თავისი პირველი პირისპირ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ფხენიანს თავისი ბირთვული პროგრამის შეწყვეტამდე სჭირდება „უსაფრთხოების გარანტიები“.

პუტინმა დასძინა, რომ ასეთი გარანტიები შეთავაზებულ უნდა იქნეს საერთაშორისო ჩარჩოში. პუტინმა ეს განაცხადა ვლადივოსტოკში ჩრდილოეთი კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან ერთდღიანი სამიტის შემდეგ.

კიმმა განაცხადა, რომ მას „ძალიან მნივშნელოვანი“ საუბარი ჰქონდა რუსეთის პრეზდენტთან. 25 აპრილის სამიტი უნივერსიტეტის კამპუსში გაიმართა.

ორი ლიდერის დახურულ კარს მიღმა საუბარი ეხებოდა კორეის ნახევარკუნძულზე ვითარების გაუმჯობესებას.

კიმმა რუსეთის ლიდერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მათ ისაუბრეს ორმხრივ ინტერესებზე დაგანიხილეს მშვიდობიანი მოგვარების გზები.

პუტინის და კიმის შეხვედრა შედგა აშშ-თან ფხენიანის ჩაშლილი მოლაპარაკების შემდეგ, როცა განიხილეს კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული იარაღისგან განთავისუფლების თემა. შეხვედრას შედეგი არ მოჰყვა, რადგან ფხენიანმა სანაცვლოდ მოითხოვა მისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების გაუქმება, რასაც ვაშინგტონი არ დაეთანხმა.

ლევან მიქელაძის ხსოვნას ლექცია მიეძღვნა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ცნობილი დიპლომატის, ლევან მიქელაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ლექცია - „საქართველო ევროპული ინტეგრაციის გზაზე“. ღონისძიება ორგანიზებული იყო ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტისა და ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის მიერ.

„ლევან მიქელაძემ ძალიან დიდი როლი შეასრულა საქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარების პირველ ეტაპებზე. მან ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა დატოვა. ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ ლექციებით კიდევ ერთხელ დავაფასებთ მის ამ დიდ ღვაწლს... მომავალში ეს ტრადიციად იქცევა - ცალკეული ლექციების ანდა ლექციათა ციკლის სახით.

დღევანდელი ლექციის თემაა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზის მიმოხილვა-ანალიზი. ეს არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ლევან მიქელაძეს ამ მხრივაც ძალიან დიდი ღვაწლი აქვს გაწეული. ამ კედლებში იგი გახლდათ პირველი ევროპული დეპარტამენტის ხელმძღვანელი დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში“, - განაცხადა ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის დირექტორმა, არჩილ გეგეშიძემ.

25 აპრილს ლექციას წაიკითხა საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ, ლევან დოლიძემ. სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, დიპლომატიური ინსტიტუტის დირექტორი თინათინ ბრეგვაძე და ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის დირექტორი არჩილ გეგეშიძე.

შრი ლანკაში დააკავეს ტერორიზმში ეჭვმიტანილი ორი თვითმკვლელის მილიარდერი მამა

სავარაუდო თვითმკვლელი თავდამსხმელი შედის ნეგომბოს სან სებასტიანეს ეკლესიაში 2019 წლის 21 აპრილს

შრი ლანკის ხელისუფლებამ გამოაცხადა ადგილობრივი მილიარდერის, მოჰამედ იბრაჰიმის დაკავების შესახებ. ის მამაა ორი თვითმკვლელის, რომლებმაც განახორციელეს აფეთქებები 21 აპრილს.

ამის შესახებ CNN-ს შეატყობინა პოლიციის წარმომადგენელმა. ბიზნესმენი და შრი ლანკიდან სუნელების ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორი ეჭვმიტანილია ტერორიზმში ეჭვმიტანილებისთვის დახმარებაში. პოლიციის წარმომადგენელმა თქვა ასევე, რომ სავარაუდოდ, იბრაჰიმის მთელი ოჯახი დაკავებულია.

დაუდგენელია ადგილმდებარეობა მუსლიმი მქადაგებლის, ზაჰრან ჰაშიმისა, რომელსაც ხელისუფლება ტერაქტების ორგანიზატორად მიიჩნევს.

შრი ლანკის პარლამენტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინდოეთის სპეცსამსახურმა 4 აპრილს გაფრთხილეს შრი ლანკელი კოლეგები შესაძლებელი ტერაქტის შესახებ. დღემდე დაუდგენელი მიზეზით, შრი ლანკის უშიშროების სამსახურებმა სათანადო ზომები არ მიიღეს. პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი აცხადებენ, რომ მათ ინფორმაცია არ მიუღიათ.

ტერაქტების შემდეგ გაათავისუფლეს თავდაცვის მინისტრი და გადაიდგა ნაბიჯები პოლიციის მთავარი ინსპექტორის განთავისუფლების მიზნით.

აშშ-ის საელჩომ განაცხადა, რომ შრი ლანკაში ტერაქტების საფრთხე შენარჩუნებულია. 21 აპრილს რვა აფეთქება მოხდა შრი ლანკაში, სამ ეკლესიასა და სამ სასტუმროში. შრი-ლანკის პოლიციის ცნობით, აღდგომის კვირა დღეს მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 359-ს მიაღწია.

თავდასხმებზე პასუხისმგებლობა აიღო ექსტრემისტულმა ჯგუფმა, "ისლამურმა სახელმწიფომ". დაჭრილია სულ მცირე 500 ადამიანი. პასუხისმგებლობას აკისრებენ ექსტრემისტულ დაჯგუფება „ჯამაათ ათ-თაუხიდ ალ-ვათანიას. თავის პასუხისგებლობა გამოაცხადა ექსტრემისტულმა „ისლამურმა სახელმწიფომ“.

საგარეო უწყება: დავით გარეჯში პრობლემა ამ ეტაპზე მოგვარებულია

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, დავით გარეჯის მონასტრის ტერიტორიაზე გახსნას პუნქტები, რომლებიც დაკეტილი იყო, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში. მინისტრ დავით ზალკალიანის თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მყისიერად მიმართა აზრბაიჯანის ხელისუფლებას და თან და ამ დროისთვის პრობლემა უკვე მოგვარებულია.

„სიტუაცია ამ დროისთვის მოგვარებულია. ჩვენი ინფორმაციით, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გახსნას ის პუნქტები, რომლებიც ამ დროისთვის დაკეტილი იყო.

მაგრამ ჩვენ მომავალში აუცილებლად აქტიურად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ის პრობლემა, რაც დაკავშირებულია საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციასთან, იყოს უფრო ინტენსიურად წარმართული” - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

მისი განმარტებით, პროცესი შეფერხებული იყო "კომისიებში არსებული ცვლილებების გამო" - კომისიაში ცვლილებები უკვე განხორციელდა აზერბაიჯანის მხარემ, ხოლო საქართველოს მხარეს ამ საკითხზე მსჯელობა უახლოეს დღეებში ექნება.

აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ უდაბნოს მონასტერში გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაცია 25 აპრილს გავრცელდა. როგორც დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა, კირიონმა განუცხადა „ინტერპრესნიუსს“, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ტერიტორიაზე უკვე აღარც სასულიერო პირებს უშვებენ.

„მეზობელი ქვეყნის მესაზღვრეები ბილიკებზე მუშაობენ, გამაფრთხილებელ და ამკრძალავ ნიშნებს არჭობენ, რასაც მშვიდად უყურებენ ქართველი მესაზღვრეები. ისეთივე კრიზისული და უარესი მდგომარეობა იქმნება, როგორც 2012 წლის მაისში, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ ქართველ მესაზღვრეებს უბრძანა, ტურისტები არ გაატაროთო.

მაშინ ასე ითხოვდნენ აზერბაიჯანელები და ქართულმა მხარემ რატომღაც, ვიდრე ხმაური არ ავტეხეთ, მეზობლის მოთხოვნა დააკმაყოფილა. თუმცა, სასულიერო პირებს მონასტერსა და ტაძრებში ასვლის უფლება ჰქონდათ, დღეს კი, ჩვენც აღარ გვიშვებენ“ - განაცხადა არქიმანდრიტმა კირიონმა.

პრეზიდენტმა სააღდგომოდ 19 პატიმარი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლაშა ჟვანიას განცხადებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 25 აპრილს 19 პატიმარი შეიწყალა.

ისინი საპატიმროს დღესვე დატოვებენ.

ლაშა ჟვანიას განცხადებით, შეწყალებულია 23 პირობითი მსჯავრდებულიც.

„სააღდგომო დღესასწაულებთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში შეიწყალა 19 თავისუფლებააკვეთილი მსჯავრდებული, აქედან 2 ქალი. ისინი დაწესებულებებს დღესვე დატოვებენ. ასევე, პრეზიდენტმა შეიწყალა 23 პირობითი მსჯავრდებული, აქედან 2 ქალი. 21 პირობითი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისგან, მათ შორის, 3 პირობითი მსჯავრდებული შეწყალებული იქნა ასევე თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლების ჩამორთმევისგან, ხოლო 2 მსჯავრდებულს შეუმცირდა პირობითი მსჯავრის მოსახდელი ვადა", - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

სამმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაგროვებითი საპენსიო სისტემა დატოვა

Georgia -- Tchiaberashvili Bokeria cover

„მე გამოვედი "ოცნების" ხაფანგიდან. სამწუხაროდ, 40 წლის ქვემოთ ასაკის ადამიანებს მთავრობამ არჩევანი წაართვა“, - წერს „ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, ის ვერ ანდობს ფულს „კორუმპირებულ და მფლანგველ მთავრობას, როგორიც „ქართული ოცნებაა“.

„იდეალური მთავრობაც რომ იყოს, თვითონ ეს სქემა მანკიერია და არ იძლევა ღირსეულ სიბერეს. შეუძლებელია, რომ ამ ტიპის დანაზოგებით ადამიანებმა უზრუნველყონ თავიანთი ღირსეული სიბერე. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ "ევროპული საქართველოს" მოდელი იქნას გაზიარებული, რაც გულისხმობს, რომ საპენსიო დანაზოგებზე გადმოვიდეს საშემოსავლო გადასახადის ნაწილი, რომელიც მთავრობას მიაქვს ბიუჯეტში იმ შემთხვევაში თუ ადამიანი ნებაყოფლობით ჩაერთვება მასში. მე "ქართული ოცნების" ხაფანგიდან დღეს გამოვედი, მაგრამ 40 წელს ქვემოთ ადამიანებს ეს არ შეუძლიათ“, - უთხრა ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებს.

დაგროვებითი საპენსიო სისტემა ჭიაბერაშვილთან ერთად „ევროპული საქართველოს" კიდევ ორმა წევრმა, გიგა ბოკერიამ და ლელა ქებურიამ დატოვეს. მათი განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი არის უნდობლობა ამ სისტემის მიმართ.

კობახიძე: „უდოს“ კომისიის გადაწყვეტილებები პოლიტიკური დისკუსიისგან დამოუკიდებელი უნდა იყოს  

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ე.წ. უდოს კომისიამ ვანო მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლებასთან დაკავშირებით გადაწვეტილება საკუთარი კომპეტენციიდან გამომდინარე მიიღო:

„ჩვენ არ ვაკეთებთ პოლიტიკურ აქცენტებს“, - ასე უპასუხა კობახიძემ ოპოზიციის ბრალდებებს იმის თაობაზე, რომ „უდოს“ კომისიამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო.

„ეს კომისია არის მთავრობასთან არსებული ორგანოა, რომელიც თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე მოქმედებს. მნიშვნელოვანია, რომ „უდოს“ კომისიის გადაწყვეტილებები დამოუკიდებელი იყოს პოლიტიკური დისკუსიისგან. ამას აკეთებს ოპოზიცია და ყველას მოვუწოდებ, ნუ ჩაერევიან პოლიტიკური კუთხით ე.წ. უდოს კომისიის საქმიანობაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მიხეილ სააკაშვილის მთავრობის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ვანო მერაბიშვილს ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე „უდოს“ კომისიამ უარი უთხრა. ამ საკითხზე კომისიამ 11 აპრილს იმსჯელა.

ეკა ბესელია მოსამართლეების შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენაზე დაბრუნებას ითხოვს

ეკა ბესელია

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი ეკა ბესელია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის კანონპროექტის მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე დაბრუნებას ითხოვს.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მან მიმართა კანონპროექტზე მომხსენებლებს, ისარგებლონ პარლამენტის რეგლამენტის 116-ე მუხლით. მუხლი კანონპროექტის განხილვის წინა მოსმენაზე დაბრუნების პროცედურას არეგულირებს.

„რეგლამენტში წერია, რომ მომხსენებელმა ან თანამომხსენებელმა პლენარულ სხდომაზე უნდა დასვას საკითხი კანონპროექტის მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე დაბრუნების თაობაზე...ვისაც უნდა ესმის და ვისაც უნდა ხედავს და ვისაც უნდა არ ესმის და ვისაც უნდა არ ხედავს როგორი კრიტიკულია რეკომენდაციებთან დაკავშირებით მოსაზრებები. იმიტომ, რომ არ არის გაზიარებული ამ პროექტში 10 რეკომენდაციიდან ერთ-ნახევრის გარდა. ანუ რვა-ნახევარი არის გაზიარებული“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელიას კანონპროექტის მეორე მოსმენაზე დაბრუნების შესაძლებლობასთან დაკავშირებით მომხსენებელმა გურამ მაჭარაშვილმა უპასუხა, რომ საკითხი უნდა გადაწყდეს არა საკომიტეტო სხდომაზე, არამედ პლენარულზე: „ამ საკითხის არა მხოლოდ განხილვა, დაყენებაც კი არის შესაძლებელი, მომხსენებლის ან თანამომხსენებლის მხრიდან დასაბუთებულობის შემთხვევაში, სესიაზე კანონპროექტის განხილვისას, მსჯელობისას. კი ბატონო, თქვენი განცხადება ჩვენ შეგვიძლია დეკლარირებულად მივიღოთ“,- აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენით განიხილა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების კანონპროექტი და მისი თანმდევი კანონპროექტები. პაკეტზე კენჭისყრა ჯერ არ გამართულა.

საგარეო უწყება დავით გარეჯზე: აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა შეზღუდეს ქედს მიღმა გადამსვლელი ნაკადი

აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მხრიდან დავით გარეჯის უდაბნოს მონასტერში გადაადგილების შეზღუდვას ადასტურებს საგარეო საქმეთა სამინისტრო. როგორც უწყების წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი აცხადებს, ქართულმა მხარემ უკვე მიმართა აზერბაიჯანულ მხარეს - „გადამსვლელი ნაკადის“ შეზღუდვის აღმოფხვრის მიზნით.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მხრიდან განხორციელდა ქედს მიღმა გადამსვლელი ნაკადის შეზღუდვა. ამის შესახებ როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ასევე ჩვენი საზღვრის დაცვის სამსახურმა ჩვენს კოლეგებს მივმართეთ და აღნიშნულთან დაკავშირებით აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს.

ვმუშაობთ ამ საკითხის დარეგულირებაზე. ვითხოვთ, რომ შეუფერხებლად მოხდეს იქ პილიგრიმების, ტურისტების, მრევლის გადაადგილება და მინდა გითხრათ, რომ კომუნიკაცია მიმდინარეობს პარტნიორულ ატმოსფეროში, სულისკვეთებით”, – აღნიშნა კონსტანტინიდიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებებს გარკვეული დრო დასჭირდება და იმისთვის, რომ პროცესის ხელშეშლა არ მოხდეს, მიზანშეწონილია, რომ ყველამ შეიკავოს თავი „ემოციური ქმედებებისა და განცხადებებისგან“.

აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ უდაბნოს მონასტერში გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაცია 25 აპრილს გავრცელდა. როგორც დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა, კირიონმა განუცხადა „ინტერპრესნიუსს“, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ტერიტორიაზე უკვე აღარც სასულიერო პირებს უშვებენ.

„მეზობელი ქვეყნის მესაზღვრეები ბილიკებზე მუშაობენ, გამაფრთხილებელ და ამკრძალავ ნიშნებს არჭობენ, რასაც მშვიდად უყურებენ ქართველი მესაზღვრეები. ისეთივე კრიზისული და უარესი მდგომარეობა იქმნება, როგორც 2012 წლის მაისში, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ ქართველ მესაზღვრეებს უბრძანა, ტურისტები არ გაატაროთო. მაშინ ასე ითხოვდნენ აზერბაიჯანელები და ქართულმა მხარემ რატომღაც,

ვიდრე ხმაური არ ავტეხეთ, მეზობლის მოთხოვნა დააკმაყოფილა. თუმცა, სასულიერო პირებს მონასტერსა და ტაძრებში ასვლის უფლება ჰქონდათ, დღეს კი, ჩვენც აღარ გვიშვებენ“ - განაცხადა არქიმანდრიტმა კირიონმა.

არქიმანდრიტის ინფორმაციით, საზღვრის ჩაკეტვის მიზეზზე ქართული სასაზღვრო სექტორის უფროსი ესაუბრა აზერბაიჯანის სექტორის უფროსს, რომელმაც თქვა, რომ პრობლემა არ იქნება, თუ მისი ზემდგომებისგან საქართველოს ხელისუფლება სიტუაციის შეცვლას მოითხოვს. არქიმანდრიტის თქმით, დღეს არსებული მდგომარეობა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ შეიქმნა.

MDF: პანკისის მოვლენებზე სახელისუფლებო ტროლები გააქტიურდნენ

პანკისის ხეობის, ქისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ ფეისბუკ ტროლები ამოქმედდნენ. ამის შესახებ "მითების დეტექტორი” ავრცელებს ინფორმაციას.

ვებსაიტმა, რომელიც ფაქტებს ამოწმებს, ასეთი 15 ტროლი გამოავლინა.

რეალური იდენტობების მითითების გარეშე მოქმედი ტროლები პანკისში 21 აპრილის დაპირისპირების შემდეგ ხეობაში სპეციალური დანიშნულების რაზმის ქმედებებსაც ამართლებენ.

"მითების დეტექტორის" მკვლევარებმა ორი სახის ტროლები გამოავლინეს: ისინი, ვინც სხვა ადამიანების ფოტოებს იპარავენ და ტროლები, რომლებიც მაიდენტიფიცირებელ ფოტოებს არ აქვეყნებენ.

მედიის განვითარების ფონდის მკვლევარი სოფო გელავა რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ტროლები პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის გამართლებასაც ცდილობენ.

"ისინი იყენებდნენ სიძულვილის ენას, კონტექსტიდან ამოგლეჯილ ვიდეოებს და კომენტარებშიც ცდილობდნენ ქისტები უცხოებად წარმოეჩინათ, როგორც ეთნიკურობაზე, ასევე რელიგიურ იდენტობაზე ხაზგასმით. ტროლების მიერ გავრცელებულ პოსტებში ადგილობრივი ორგანიზაციებისა და მედიის, მათ შორის პანკისის სათემო რადიოს მიმართ იყო დაუსუაბუთებელი ბრალდებები და მინიშნებები, რომ მათ ფონდი ღია საზოგადოება აფინანსებს. ასევე, ეს ტროლები კამპანიურად აზიარებდნენ ექსპერტ გია აბაშიძის პოსტს", - ამბობს სოფო გელავა.

მისი თქმით, "მითების დეტექტორის" მიერ გამოვლენილი პროფილების უმეტესობა, სავარაუდოდ, სახელისუფლებო ტროლები არიან, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებზეც ცალსახად ამის თქმა რთულია.

"თუმცა უმრავლესობის სხვა აქტივობებს თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ სხვა კრიტიკულ მომენტებშიც სახელისუფლებო გზავნილების გავრცელებასა და მათ მხარდაჭერას ცდილობენ", - ამბობს სოფო გელავა.

ჩრდილოეთ კორეის და რუსეთის ლიდერებმა ვლადივოსტოკში პირველი შეხვედრა გამართეს

ჩრდილოეთი კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ მას „ძალიან მნივშნელოვანი“ საუბარი ჰქონდა რუსეთის პრეზდენტთან, ვლადიმირ პუტინთან.

25 აპრილის სამიტი ვლადივოსტოკში, უნივერსიტეტის კამპუსში გაიმართა. პუტინის და კიმის შეხვედრა შედგა აშშ-თან ფხენიანის ჩაშლილი მოლაპარაკების შემდეგ.

ორი ლიდერის დახურულ კარს მიღმა საუბარი ეხებოდა კორეის ნახევარკუნძულზე ვითარების გაუმჯობესებას.

კიმმა რუსეთის ლიდერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მათ ისაუბრეს ორმხრივ ინტერესებზე დაგანიხილეს მშვიდობიანი მოგვარების გზები. პუტინის თქმით, სტუმართან „არსებითი დისკუსია“ ჰქონდა ფხენიანის ბირთვული პროგრამის გარშემო ვითარების განმუხტვის შესახებ პოზიციების გარშემო.

2020 წელს ჯოზეფ ბაიდენი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე თავის კანდიდატურას წარადგენს

აშშ-ის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა 25 აპრილს ინტერნეტით გავრცელებული ვიდეოჩანაწერით ოფიციალურად განაცხადა, რომ 2020 წელს დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

ბაიდენმა ამ განცხადებით ბოლო მოუღო ვარაუდებს და სპეკულაციებს მედიაში. დელავერის შტატის ყოფილი სენატორი ბოლო კვირების განმავლობაში აგროვებდა პოტენციურ დონორებს. აპრილის დასაწყისში მან რეპორტიორებს განუცხადა, „ძალიან ახლოს ვარ გადაწყვეტილების მიღებასთან, რომ თქვენს წინაშე წარვდგე შედარებით მალე“. შეკითხვაზე, თუ რას ემსახურება ეს შეყოვნება, მან უპასუხა, ყველაფრის ერთად თავის მოყრასო.

ვიდეო განცხადებში ბაიდენი ამბობს, საქმე ეხება აშშ-ის უმთავრესი ფასეულობებს, მსოფლიოში ამ ქვეყნის პოზიციას, მისი დემოკრატიის ბედს.

76 წლის პოლიტიკოსს, გამოკითხვებს მიხედით, საუკეთესო რეიტინგი აქვს იმ 18 დემოკრატს შორის, რომლებმაც ასევე განაცხადეს საპრეზიდენტო არჩთევნებში მონაწილეობის სურვილი.

ჯოზეფ ბაიდენს არაერთხელ მიუღია მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ კამპანიის ადრეულ სტადიაში ეთიშებოდა ხოლმე პაექრობას.

„კლანური მმართველობა უნდა დასრულდეს!“ - პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართა

იურისტებმა, უფლებადამცველებმა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს პარლამენტის შენობასთან. ისინი სასამართლოში კლანური მმართველობის დაკანონების წინააღმდეგ გამოდიან და მიუღებლად თვლიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებულ კანონპროექტს, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტში 25 აპრილს მესამე მოსმენით განიხილება.

აქციის მონაწილეებს ეჭირათ შემდეგი შინაარსის პლაკატები: „კლანი არ გათეთრდება, თქვენ გაშავდებით!“, „კლანური მმართველობა უნდა დასრულდეს!“, „მართლმსაჯულება გადასარჩენია“.

„პარლამენტი უკვე მესამე მოსმენით აპირებს მიიღოს კანონი, რომელიც იქნება კლანის პოლიტიკური მხარდაჭერის გაგრძელება. ამ კლანს კვლავინდებურად ექნება იმის საშუალება, რომ დანიშნოს - ვინც უნდა, არ დანიშნოს - ვინც არ უნდა, როგორც ის ამას აქამდე აკეთებდა.

არ საჩივრდება მისი გადაწყვეტილებები კანდიდატურების დასახელებასთან დაკავშირებით, ფარული იქნება ყველაფერი და ვერასოდეს გავიგებთ - ვინ, რატომ და რა დამსახურებისთვის იქნა დასახელებული...

არანაირ კანონპროექტს, იდეალურიც რომ იყოს, არ ექნება აზრი... ამ სისტემას მაინც არ ეშველება, რადგან მთავარი პრობლემა კლანის არსებობაშია... პრობლემები არ დამთავრდება, ვიდრე კლანის წევრები არ დატოვებენ სისტემას“, - განაცხადა იურისტმა კახა კოჟორიძემ.

აქციის მიმართ სოლიდარობა გამოხატა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ, რომელმაც პროტესტის ნიშნად დატოვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენელთა შეხვედრა სახალხო დამცველის აპარატის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

„მე ვისმენდი მონოლოგს - რა საამური და არაჩვეულებრივია ის ცუდი კანონპროექტი, რომელსაც მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი უმრავლესობამ. ეს იყო აბსოლუტურად ამოვარდნილი კონტექსტიდან და რეალობიდან, რასაც (ანრი) ოხანაშვილი ყვებოდა.

მე ამის მოსასმენად არ მივსულვარ ამ შეხვედრაზე. მე იქ მივედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ომბუდსმენის წარმომადგენლების მოსასმენად“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისი თქმით, მმართველ პარტიას უნდა ჰქონდეს ადეკვატურობის განცდა და როცა ყველა გეუბნება, რომ არ ვარგა, „აღარ უნდა იძახო, რომ უპრეცედენტოდ კარგი კანონპროექტი მიიღე“.

კანონპროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ პარლამენტის სხდომაზე 19 აპრილს მეორე მოსმენით დაამტკიცეს. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, მასში არ არის გათვალისწინებული ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის დასკვნაში ასახული უმნიშვნელოვანესი რეკომენდაციები.

ჩინეთში იმართება ფორუმი „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ათობით ქვეყნის მონაწილეობით

პეკინი 2019 წლის 25 აპრილი: "ერთი სარტყელი, ერთი გზის" ლოგო ჩინეთის სახალხო ყრილობათა ცენტრის შესასვლელში

პეკინში ათობით ქვეყნის ლიდერები მონაწილეობენ ფორუმში, რომელიც ეძღვნება პეკინის პროექტს სახელწოდებით „ერთი სარტყელი, ერთი გზა“.

1 ტრილიონი დოლარის პროექტი ითვალისწინებს ჩინეთთან აზიის სხვა ქვეყნების, ევროპისა და აფრიკის დამაკავშირებელი ახალი სარკინიგზო, საავტომობილო, საპორტო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შექმნას.

აშშ და ბევრი ევროპული ქვეყანა აკრიტიკებს „ერთ სარტყელ, ერთ გზასა“ და ჩინეთის მიერ რეგიონული ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის გაცემულ კრედიტებს, რადგან მოსალოდნელია, რომ განვითარებადი ქვეყნების ნაწილი ვერ შეძლებს ასე დაგროვილი ვალების გასტუმრებას.

25-27 აპრილის ფორუმის მონაწილეებს შორის არიან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, პაკისტანის პრემიერ-მინისტრი იმრან ხანი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე.

ვაშინგტონს ფორუმზე არ გაუგზავნია ოფიციალური პირები, ხოლო გერმანია და საფრანგეთი მინისტრებით არიან წარმოდგენილი.

საქართველოდან ფორუმში მონაწილეობს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი.

ის პეკინში სიტყვით გამოვიდა „ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის ზონალურ ფორუმზე“ და შეაქო „ერთი სარტყელი, ერთი გზა“, როგორც „საუკეთესო ფორმატი აბრეშუმის გზის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენებისათვის“.

სოფიო ვერძეული: კანონპროექტის მესამე მოსმენიდან მეორეზე დაბრუნების პრეცედენტი არსებობს

სოფიო ვერძეული

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს დეპუტატების, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეხვედრა. შეხვედრის მთავარი მიზანი კანონპროექტის ოპონენტთა მხრიდან არის ის, რომ მმართველი გუნდი კანონპროექტის მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე დაბრუნების აუცილებლობაში დაარწმუნონ:

„თუ დამატებითი არგუმენტი გჭირდებათ, ეს ერთხელ უკვე გაუკეთებია პარლამენტს მიხეილ ჩინჩალაძისთვის, როცა მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე პერსონალურად მისთვის დაბრუნდა კანონპროექტი, რომ ის უვადოდ დანიშნული პირველი მოსამართლე ყოფილიყო ამ ქვეყანაში. ამიტომ თუ გჭირდებათ, პრეცედენტებიც არსებობს“,- განაცხადა „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის“ ცენტრის წარმომადგენელმა სოფიო ვერძეულმა. მას თავად იმედი არ აქვს, რომ „ქართული ოცნება“ დათმობაზე წავა.

„ბატონო ანრი და ბატონო მამუკა მე პირველ რიგში თქვენი გულწრფელობის არ მჯერა იმიტომ, რომ თქვენ ისეთ ჯიბრში ჩაუდექით საზოგადოებას და საღ აზრს ამ თემასთან დაკავშირებით, რომ შეუძლებელია ეს იყოს უბრალო დამთხვევა. თქვენ პირველი ვერსია ისეთი წარმოადგინეთ კანონპროექტის, რომ საერთოდ საღ აზრთან და კონტექსტთან ახლოს არ იყო. და დიდი ბოდიში ამას რომ ვამბობ, მაგრამ ეს არის ფაქტი“, - განაცხადა სოფიო ვერძეულმა შეხვედრაზე.

შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში „საერთო სასამართლოების შესახებ“კანონის ცვლილებების კანონპროექტისა და მისი თანმხლები კანონპროექტების მესამე მოსმენით გახილვა იგეგმება.

შოტლანდია ემზადება მორიგი რეფერენდუმისათვის ბრიტანეთისაგან გამოყოფის საკითხზე

შოტლანდიის მთავრობა აცხადებს, რომ ამზადებს კანონს, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება გაერთიანებული სამეფოდან გამოყოფის შესახებ მორიგი რეფერენდუმის ჩატარება.

„მალე წარმოვადგენთ კანონპროექტს რეფერენდუმის გასამართი წესების შესაქმნელად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლა სტერჯენმა 24 აპრილს ედინბურგში, პარლამენტში გამოსვლისას.

მან თავისი მთავრობის მიზნად დაასახელა რეფერენდუმის დანიშვნა ამჟამინდელი მოწვევის პარლამენტის ვადის ამოწურვამდე - 2021 წლის მაისამდე.

შოტლანდიაში, რომელიც 300 წელიწადზე მეტია შედის გაერთიანებულ სამეფოში, ამომრჩევლებმა - 2014 წლის რეფერენდუმის შედეგად - ხმების 55,3%-ით უარყვეს ბრიტანეთისაგან დამოუკიდებლობა.

მაგრამ სტერჯენმა 2016 წელს, ბრიტანეთში ევროკავშირიდან გამოყოფის მხარდაჭერის შემდეგ გამოაცხადა, რომ შოტლანდია „დიდი ალბათობით“ გამართავს ახალ რეფერენდუმს დამოუკიდებლობის შესახებ.

2016 წელს „ბრექსიტის“ შესახებ რეფერენდუმში შოტლანდიელი ამომრჩევლების დიდი უმრავლესობა მიემხრო ევროკავშირში ბრიტანეთის დარჩენას.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG