Accessibility links

საქართველოს პრეზიდენტის აზრით, ე.წ. ციანიდის საქმეზე დარღვეულია უდანაშაულობის პრეზუმფცია


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საპატრიარქოში შეხვდა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს და მოგვიანებით ჟურნალისტებთან საუბრისას გამოთქვა შეფასება, რომ ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით უდანაშაულობის პრეზუმფცია დარღვეულია. საქმე ეხება პროკურატურის მიერ სასულიერო პირის, დეკანოზ გიორგი მამალაძისათვის წაყენებულ ბრალდებას ციანიდის გამოყენებით მკვლელობის მომზადებაში. თუმცა, გამოძიებას ამ დრომდე არ უთქვამს კონკრეტულად ვისი მკვლელობა იგეგმებოდა. დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, ბრალდებას უარყოფს. მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ სამართალდამცველებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, თავიანთი საქმე აკეთონ „პოლიტიკური ჩარევების“ გარეშე. „მინდა შევახსენო ყველას, რომ დღეს შეჯიბრებითობა და უდანაშაულობის პრეზუმფცია დარღვეულია საქართველოში. მამა გიორგის, მის ადვოკატებს, უნდა მიეცეს შესაძლებლობა, თავის სიმართლე გააცნოს საზოგადოებას, რადგან ჩვენ ყველანი ამაზე ვსაუბრობთ. აი, ამ პროცესით გადავლახავთ არსებულ სირთულეებს და მივალთ ჭეშმარიტ პასუხებამდე“, - განაცხადა მარგველაშვილმა. პატრიარქთან მის შეხვედრას ესწრებოდნენ ეპისკოპოსებიც. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, რომელსაც ბერლინის კლინიკაში 13 თებერვალს გაუკეთეს ქირურგიული ოპერაცია ნაღვლის ბუშტზე, თბილისში 20 თებერვალს დაბრუნდა. დღეს საპატრიარქოში იმართება სასულიერო პირების შეხვედრა, რომელზეც გიორგი მამალაძის დაკავებაზე მსჯელობენ. 17 თებერვალს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, გიორგი მამალაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გადაიყვანეს ჩაფიძის სახელობის კარდიოლოგიის ცენტრში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG