Accessibility links

უკრაინაში დაიწყო გამოძიება სადავო სამშვიდობო გეგმის ავტორი პარლამენტარის საქმეზე


უკრაინის მთავარი პროკურორის, იური ლუცენკოს თქმით, მისმა უწყებამ დაიწყო გამოძიება პარლამენტარ ანდრეი არტემენკოს სახელმწიფოს ღალატში ეჭვმიტანით მას შემდეგ, რაც არტემენკომ აშშ-ის პრეზიდენტის წარმრომადგენლებს გააცნო უკრაინასა და რუსეთს შორის უთანხმოების მოსაგვარებელი სადავო გეგმა. დღეს პროკურორმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ანდრეი არტემენკომ შესაძლოა კანონი დაარღია, როცა მოამზადა გეგმა, რომელიც ითვალისწინებს რუსეთისთვის ყირიმის ნახევარკუნძულის დათმობას და სანაცვლოდ კიევის მიერ კონტროლის აღდგენას აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მიერ გაკონტროლებულ ტერიტორიაზე. არტემენკოს გეგმა ყურადღების ცენტრში მოექცა მას შემდეგ, რაც გაზეთმა „ნიუ-იორკ ტაიმსმა“ გაავრცელა ცნობები იმის შესახებ, რომ დოკუმენტი აღმოჩნდა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის ყოფილი მრჩევლის მაიკლ ფლინის სამუშაო მაგიდაზე. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ფეისბუქში გამოაქვეყნა გამოძიების დაწყების შესახებ განცხადება, რომელშიც არტემენკოს ადანაშაულებენ უკრაინის საწინააღმდეგო ძირგამომთხრელ საქმიანობაში. ასეთი კანონდარღვევა უკრაინაში 10-დან 15 წლამდე პატიმრობით ისჯება. არტემენკო ჯერ არ გამოხმაურებია ამ ცნობას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG