Accessibility links

"ამნესტი": შეშფოთების საგნად რჩება საქართველოში სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის არარსებობა


უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, Amnesty International-მა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში, მსოფლიოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ. ანგარიშის იმ ნაწილში, რომელიც საქართველოს შეეხება, ნათქვამია, რომ შეშფოთების საგნად რჩება სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის არარსებობა, შერჩევითი მართლმსაჯულება, პოლიტიკური ნიშნით დევნა და სამართალდამცავების მხრიდან ძალის და ზემოქმედების სხვა საშუალებების გამოყენება. კონკრეტულ ფაქტებს შორის დასახელებულია ე.წ. კაბელების და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებული საქმეები, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის სარჩელზე, საკონსტიტიციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადება მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელება, ე.წ. კორცხელის ინციდენტი, ლგბტ პირებზე თავდასხმები და 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობა, რომელიც სავარაუდოდ, გამოიწვია პოლიციელის მხრიდან ზეწოლამ. Amnesty International-ის ანგარიშში საუბარია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზეც. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების დე ფაქტო ხელისუფლება და რუსი სამხედროები განაგრძობენ ადმინისტრაციულ საზღვარზე მიმოსვლის შეზღუდვას და ადამიანების დაკავებას. ანგარიშში მოყვანილია 2016 წლის მაისში, სოფელ ხურჩასთან, აფხაზი მესაზღვრის მიერ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტი. Amnesty International-ი აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ საზღვრებთან მავთულხლართების და სხვა ბარიერების არსებობა უარყოფითად აისახება ადგილობრივ მცხოვრებთა მდგომარეობაზე და ხელყოფს მიმოსვლის, შრომის და ღირსეულად ცხოვრების უფლებებს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG