Accessibility links

უზბეკეთში 17-წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს ცნობილი ჟურნალისტი


უზბეკეთში 17-წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს ცნობილი ჟურნალისტი და პოლიტპატიმარი მუჰამად ბეკჯონი. მან 22 თებერვალს ტელეფონით საუბრისას უთხრა ჩვენს რადიოს, რომ გამოუშვეს პატიმრობის მოხდის შემდეგ. არასამთავრობო ორგანიზაცია „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ ბეკჯონს მიაკუთვნებდა ყველაზე ხანგრძლივი ვადით დაპატიმრებულ ჟურნალისტებს. დღეს 63 წლის ბეკჯონი უზბეკეთის ოპოზიციურ გაზეთ „ერკის“ მთავარი რედაქტორი იყო, როცა 1994 წელს იძულებული გახდა, ემიგრაციაში წასულიყო. 1999 წელს ის კიევში მოიტაცეს და ჩაიყვანეს ტაშკენტში, სადაც 12 წლით პატიმრობა მიუსაჯეს პრეზიდენტის წინააღმდეგ ტერაქტის მზადებაში მონაწილეობის ბრალდებით. ბეკჯონი უარყოფდა ბრალდებებს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებდა. მას 12 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, ხოლო 2011 წელს, როცა ერთი თვეღა რჩებოდა ციხიდან გამოსვლამდე, კიდევ ოთხი წლით და რვა თვით პატიმრობა დაუმატეს. უზბეკეთის სტაჟიანი ლიდერი ისლამ ქარიმოვი 2016 წელს გარდაიცვალა და ახალი პრეზიდენტი შავკათ მირზიაევი პოლიტპატიმრებს ათავისუფლებს, რაც მიჩნეულია ავტორიტეტული მმართველობის თანდათან შემსუბუქების ნიშნად. 15 თებერვალს გამოუშვეს ბანკირი რუსტამ უსმონოვი, რომელმაც 19 წელი დაჰყო ციხეში. მასაც ბევრი მიიჩნევდა პოლიტპატიმრად. მანამდე, ნოემბერში 23-წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს ყოფილი პარლამენტარი სამანდარ ყოყონოვი. სამივემ მოიხადა პატიმრობის ვადა, მაგრამ ის ფაქტი, რომ გაათავისუფლეს, მიჩნეულია ცვლილებად უზბეკეთში, სადაც ქარიმოვის მმართველობის დროს მიღებული იყო პოლიტპატიმრებისათვის თავისუფლების აღკვეთის გახანგრძლივების პრაქტიკა.

XS
SM
MD
LG