Accessibility links

საპარლამენტო ოპოზიცია „გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გამოძიებას ითხოვს


ოპოზიციური საპარლამენტო პარტია, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ”გაზპრომთან” გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტის ფრაქცია ”ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” საკანონმდებლო ორგანოს დღეს მიმართა. ოპოზიციურ პარტიაში ფიქრობენ, რომ “გაზპრომ-ექსპორტთან“ დადებული ხელშეკრულება ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, ასუსტებს ქვეყნის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას, წამგებიანია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისთვის. საგამოძიებო კომისიის შემქნას არ ემხრობა საპარლამენტო უმრავლესობა „ქართული ოცნება“, რომელიც დარწმუნებულია, რომ რუსულ კომპანია „გაზპრომსა“ და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შორის მოლაპარაკებების პროცესში მიღებულია გონივრული და გააზრებული გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ინტერესებს ემსახურება. სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურად „გაზპრომი“ საქართველოს უხდიდა გატარებული მოცულობის 10%-ს. ამ ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2016 წლის 31 დეკემბერს ამოიწურა. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ 11 იანვარს, განაცხადა, რომ ახალი, ორწლიანი შეთანხმებით, პირველ წელს ნაწილობრივ შენარჩუნდება ნედლეულით ანაზღაურების ფორმა, შემდეგ წელს კი მხოლოდ ფულადი ანგარიშსწორება იქნება. კალაძემ „გაზპრომთან“ ახალ შეთანხმებას უწოდა ოპტიმალური ვარიანტი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG