Accessibility links

აშშ: რუსი სამხედროებისა და სეპარატისტების „ერთობლივი ძალები“ თავს ესხმიან ეუთოს მეთვალყურეებს უკრაინაში


აშშ რუსეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეუდგეს აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების დაცვას. როგორც ვაშინგტონი აცხადებს, რუსი სამხედროებისა და რუსეთის მომხრე სეპარატისტების „ერთობლივი ძალები“ თავს ესხმიან უცხოელ მეთვალყურეებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 26 თებერვლის განცხადებით მოუწოდებს „რუსეთსა და სეპარატისტულ ძალებს, რომლებსაც ის მხარს უჭერს, დაუყოვნებლივ დაიცვან ზავი, უკან დახიონ მძიმე შეიარაღება“ და რეგიონში შეუფერხებელი გადაადგილების საშუალება მისცენ ეუთოს მეთვალყურეებს. ვაშინგტონის ეს განცხადება გავრცელდა ერთი დღეში მას შემდეგ, რაც ეუთოს სამეთვალყურეო მისიამ განაცხადა, რომ დონეცკის ჩრდილოეთით, სეპარატისტების მიერ გაკონტროლებულ ტერიტორიაზე შეიარაღებულმა პირებმა წაიღეს ეუთოს უპილოტო საფრენი აპარატი, რომელსაც ეუთო იყენებს ზავის დაცვის შესამოწმებლად. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის, მარკ ტონერის განცხადებით, აშშ ყურადღებით ადევნებს თვალს აღმოსავლეთ უკრაინაში ძალადობის მატებას და ეს, მისი თქმით, ეხება ეუთოს სამეთვალყურეოს მისიის წევრებზე თავდასხმას, ისევე როგორც მისიის უპილოტო საფრენი აპარატის წაღებას „რუსეთისა და სეპარატისტების ერთობლივი ძალების მიერ“.

XS
SM
MD
LG