Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში თავდასხმების შედეგად დაიღუპა ერთი და დაიჭრა 40-მდე ადამიანი


ავღანეთის ოფიციალური წარმომადგენლების ცნობით, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა და 37 დაიჭრა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მოწყობილი ორი თავდასხმის შედეგად. ორივე თავდასხმა თვითმკვლელმა მოიერიშეებმა მოაწყვეს. მათზე პასუხისმგებლობა იკისრა თალიბანის ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა იერიში მიიტანა დასავლეთ ქაბულში მდებარე პოლიციის განყოფილების შესასვლელზე, რასაც მოჰყვა ურთიერთსროლა პოლიციასა და დაუდგენელი რაოდენობის თავდამსხმელებს შორის. ჯანდაცვის უწყების წარმომადგენელი აცხადებს, რომ დაიღუპა ერთი და დაიჭრა, სულ ცოტა, 37 ადამიანი. პოლიციის განყოფილება, რომელსაც თავს დაესხნენ, სამხედრო-საწვრთნელი სასწავლებლის მახლობლად მდებარეობს. მეორე აფეთქება კი მოეწყო აღმოსავლეთ ქაბულში და მიმართული იყო დაზვერვის სახელმწიფო სამსახურის ერთ-ერთი შენობის წინააღმდეგ. ამ თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა.

XS
SM
MD
LG