Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფრანსუა ფიიონი აგრძელებს წინასაარჩევნო კამპანიას ნეპოტიზმში ეჭვმიტანის მიუხედავად


საფრანგეთის პრეზიდენტობის კონსერვატორი კანდიდატი ფრანსუა ფიიონი აგრძელებს თავის წინასაარჩევნო კამპანიას მიუხედავად იმისა, რომ დაწყებულია გამოძიება სახელმწიფო სახსრების ბოროტად გამოყენებაში ფიიონის ეჭვმიტანით. 62 წლის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომლის კანდიდატურაც რესპუბლიკურმა პარტიამ წამოაყენა, ფავორიტად ითვლებოდა პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის. თუმცა ფიიონის პოპულარობა მკვეთრად შეამცირა ბრალდებებმა, რომელთა თანახმადაც ის თავის ცოლსა და შვილებს წლების განმავლობაში უხდიდა ასიათასობით ევროს პარლამენტში მუშაობისათვის - სინამდვილეში, როგორც ჩანს, ისინი მხოლოდ გაფორმებული იყვნენ სამსახურში. როგორც ფრანსუა ფიიონმა დღეს თქვა, ბრალდებები „მთლიანად იმაზე იყო გათვლილი“, რომ ხელი შეეშალა მისთვის, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატისათვის. საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვის შედეგებით, ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენი და მემარცხენე-ცენტრისტი ემანუელ მაკრონი არიან ის ორი კანდიდატი, რომელიც საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გავა. პირველი ტური 23 აპრილს გაიმართება.

XS
SM
MD
LG