Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთში მთავრობას ადანაშაულებენ იანვრის ავიაკატასტროფაზე ინფორმაციის მიჩქმალვის მცდელობაში


ყირგიზეთში ახალი ბრალდება დაემატა ოპოზიციურ პარტია „ატა მეკენის“ ლიდერის, ომურბეკ ტეკებაევის დაპატიმრებით გამოწვეულ დაპირისპირებას. ტეკებაევი, მისი პარტიის განცხადებით, იმიტომ დააკავეს, რომ სურთ მიჩქმალონ მტკიცებულებები, რომლებიც უკავშირდება მიმდინარე წლის იანვარში ბიშკეკთან მომხდარ ავიაკატასტროფას. კერძოდ, ჩამოვარდნილ თურქულ თვითმფრინავში განთავსებული ტვირთი, ოპოზიციის თანახმად, ეკუთვნოდა ყირგიზეთის პრეზიდენტ ალმაზბეკ ატამბაევს. ამ ინფორმაციას "ტყუილი" უწოდა პრეზიდენტის პრესმდივანმა. მოგვიანებით ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც უარყო ბრალდებები. მისი განცხადებით, თურქეთის ელჩმა "ყალბი" უწოდა თითქოსდა ყირგიზი ოპოზიციონერების ხელთ არსებულ მტკიცებულებებს. „ატა-მეკენის“ ადვოკატის მტკიცებით, სამართალდამცველებმა ტეკებაევი დააკავეს 26 თებერვალს - მაშინ, როდესაც ის თურქეთის გავლით კვიპროსიდან ბრუნდებოდა. ადვოკატი როგორც ამბობს, დაკავების მიზანი იყო ტეკებაევისთვის ხელის შეშლა იმ დოკუმენტების გამოქვეყნებაში, რომლებიც ცხადჰყოფდა, რომ თურქეთის „ბოინგში“ განთავსებული ტვირთი ეკუთვნოდა ყირგიზეთის პრეზიდენტსა და მის მეუღლეს. თურქეთის ავიაკომპანიის სატვირთო „ბოინგი“ 16 იანვარს ჩამოვარდა ბიშკეკთან ახლოს მდებარე დასახლებაში. შედეგად დაიღუპა 39 ადამიანი, მათ შორის დასახლებაში მყოფი 35 პირი და ეკიპაჟის ოთხი წევრი.

XS
SM
MD
LG