Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის იუსტიციის მინისტრმა ჯეფ სეშნსმა თვითაცილება გამოაცხადა


ჯეფ სეშნსი
ჯეფ სეშნსი

აშშ-ის იუსტიციის მინისტრმა, რომელიც ამავე დროს გენერალური პროკურორია, ჯეფ სეშნსმა, თვითაცილება გამოაცხადა აშშ-ის წინასაარჩევნო კამპანიაში რუსეთის შესაძლო ჩარევის გამოძიებისათვის. ამ განცხადების ფონს ქმნის კონგრესმენთა ნაწილის კრიტიკული განცხადებები რუსეთის ელჩთან სეშნსის კონტაქტის გამო და აშშ-ში მიმდინარე გამოძიება საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის დასადგენად.

გადმოწერა

„ახლა გადავწყვიტე, თვითაცილება გამოვაცხადო ნებისმიერი - მიმდინარე ან მომავალი - გამოძიებისათვის, რომელიც რამენაირად შეეხება აშშ-ის პრეზიდენტის კამპანიასთან დაკავშირებულ რომელიმე საკითხს“, - ეს განცხადება ჯეფ სეშნსმა გააკეთა 2 მარტს ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე. სეშნსის განმარტებით, მან შეისწავლა ასეთ გამოძიებასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი და ინსტრუქცია და გადაწყვიტა, არ ჩაერთოს საარჩევნო კამპანიის გარემოებათა დადგენაში. ამ საკითხზე იმუშავებს მისი მოადგილე. სეშნსი აცხადებს ასევე, რომ მზად არის უპასუხოს სენატის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყველა დამატებით შეკითხვას ამ თემაზე.

იუსტიციის მინისტრის - ამავე დროს, გენერალური პროკურორის -განცხადებიდან რამდენიმე საათში პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „კუდიანებზე ნადირობა“ უწოდა კონგრესმენთა ნაწილის მოთხოვნას, გადადგეს ჯეფ სეშნსი. მოთხოვნის მიზეზია ის გარემოება, რომ სეშნსმა - როცა პასუხობდა შეკითხვებს იუსტიციის მინისტრისა და გენერალური პროკურორის პოსტზე მის დასამტკიცებლად გამართულ მოსმენაზე და როცა დადებული ჰქონდა ფიცი, რომ მხოლოდ სიმართლეს იტყოდა - განაცხადა, რომ აშშ-ში 2016 წლის საარჩევნო კამპანიის დროს არ ჰქონია კონტაქტი რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მანვე თქვა, რომ, რამდენადაც იცის, ტრამპის გუნდის არც რომელიმე სხვა წევრს ჰქონია ურთიერთობა რუს ოფიციალურ პირებთან.

მაგრამ 1 მარტს სეშნსმა განსხვავებული განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც გაზეთმა „ვაშინგტონ პოსტმა“ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს სეშნესი, სულ ცოტა, ორჯერ შეხვდა აშშ-ში რუსეთის ელჩს, სერგეი კისლიაკს. 2 მარტს სეშენსმა თქვა: რუსეთის ელჩს შევხვდი, როგორც სენატორი და არა როგორც ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის მრჩეველიო.

ამ განცხადების შემდეგ, იმავე დღეს, დემოკრატი კონგრესმენების ჯგუფმა იუსტიციის სამინისტროსა და გამოძიების ფედერალურ ბიუროს გაუგზავნა წერილი მოთხოვნით, დაუყოვნებლივ იქნეს გამოძიებული სეშნსის განცხადებები, რომლებიც შესაძლოა მიუთითებდეს რამდენიმე კანონის დარღვევაზე, მათ შორის კანონისა, რომელიც ეხება კონგრესში ყალბი ჩვენების მიცემას. იუწყებიან ასევე, რომ გავლენიანმა დემოკრატმა კონგრესმენმა, ადამ შიფმა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის გამოძიებაში მონაწილეობს, მოითხოვა სეშნსის გადადგომა, თუმცა თავად სეშნსი ირწმუნება, რომ სენატში მოსმენის დროს არც ერთი შეკითხვის პასუხად არ უთქვამს ტყუილი.

„არა მგონია, გამართლებული იყოს ის, რაც რუსეთის ელჩთან ჩემი შეხვედრის შესახებ ითქვა. ჩემი აზრით, ეს იყო ზედმეტი აყალმაყალი და ეს უსამართლობად მიმაჩნია“, - განაცხადა აშშ-ის იუსტიციის მინისტრმა ტელეკომპანია „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 3 მარტს, ფაქტობრივად, დონალდ ტრამპის მიერ გამოთქმული შეფასება გაიმეორა, როცა „კუდიანებზე ნადირობა“ უწოდა აშშ-ში იმის დადგენის მცდელობას, თუ ვისთან, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის რომელ წარმომადგენელთან ჰქონდა კონტაქტები რუსეთის ელჩს, სერგეი კისლიაკს. როგორც ცნობილია, რუსეთის ელჩთან კონტაქტების გამო წელს გადადგომა მოუხდა პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ ფლინს.

მანამდე, იანვარში, აშშ-ის დაზვერვის სამსახურებმა გამოაქვეყნეს ანგარიში, რომლის თანახმადაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დავალებით განხორციელდა კამპანია აშშ-ის საარჩევნო სისტემის მიმართ ნდობის შესარყევად და პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის, ჰილარი კლინტონის, გამარჯვების შანსის შესამცირებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG