Accessibility links

ვასილ მაღლაფერიძე: ახალი სეზონის დაწყებამდე არ დაიხურება საზოგადოებრივი მაუწყებლის არცერთი გადაცემა


ახალი სეზონის დაწყებამდე არ დაიხურება საზოგადოებრივი მაუწყებლის არცერთი გადაცემა - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს აცნობეს სამეურვეო საბჭოს წევრებმა და მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ. მისი განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელები და სამეურვეო საბჭო შეთანხმდნენ გეგმაზე, რომელიც ხვალ დამტკიცდება და ითვალისწინებს გადაცემებზე კონკურსის გამოცხადებას. ვასილ მაღლაფერიძის ინფორმაციით, ახალი სეზონისთვის გადაცემების შესარჩევად 10 მარტიდან გამოცხადდება კონკურსი და მასში მონაწილეობა ყველას შეეძლება. „რეფორმა განხორციელდება სრული ტემპით და მაქსიმალურად უმტკივნეულოდ“ - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ. მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, გრიგოლ გოგელიას ინფორმაციით, ზაფხულამდე საზოგადოებრივ მაუწყებელში არაფერი შეიცვლება. „მენეჯმენტი წარმოადგენს საპროგრამო პოლიტიკას და შემდეგ ვიმოძრავებთ იმ მიმართულებით, რომ შევასრულოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ვალდებულებები და იყოს ეფექტური პროექტები“ - განაცხადა გრიგოლ გოგელიამ. სამეურვეო საბჭოს წევრის, სულხან სალაძის ინფორმაციით, გასულ კვირაში საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელებმა სამეურვეო საბჭოს წარუდგინეს სამსახურებრივი ბარათი, რომელშიც დაადასტურეს, რომ 17 ივლისის ჩათვლით შენარჩუნებულია დღეს მოქმედი ბადე და ყველა გადაცემა ფუნქციონირებას გააგრძელებს. „პარალელურად, მენეჯმენტი საუბრობს, რომ გამოაცხადებს კონკურსს ახალი სეზონისთვის, რომელიც სექტემბრიდან დაიწყება“ - განაცხადა სულხან სალაძემ. მისი ინფორმაციით, ბევრი საკითხი უფრო ნათელი გახდება სამეურვეო საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე.

XS
SM
MD
LG