Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: მსგავსი ქმედებები აზარალებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიას


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ადმინისტრაციულ საზღვარზე ორი გადასასვლელის დახურვის გამო. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო ზღუდავს გადაადგილების თავისუფლებას და ადგილობრივი მოსახლეობის საარსებო წყაროებს. „მსგავსი ქმედებები არა მხოლოდ ართულებს მოსახლეობის ჰუმანიტარულ მდგომარეობას, არამედ ნდობას აკარგვინებს და აზარალებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიას, რომელიც კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების განხილვის მექანიზმადაა აღიარებული“ - ნათქვამია განცხადებაში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ გადასასვლელები უნდა გაიხსნას, რათა ბავშვებმა შეძლონ სკოლაში წასვლა და მოსახლეობას ჰქონდეს თავისუფლად გადაადგილების, ვაჭრობის, ნათესავების მონახულების და სამედიცინო დახმარების მიღების შესაძლებლობა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებითვე, აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ 5 მარტს დახურა გალის რაიონის სოფლებში, ნაბაკევსა და ოტობაიაში მდებარე ორი გამშვები პუნქტი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ პასუხისმგებლობა დააკისრა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს და დაადანაშაულა ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების, პირადი და ოჯახური ცხოვრების, განათლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის ფუნდამენტური უფლებების უხეშად დარღვევაში.

XS
SM
MD
LG