Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა: დეკანოზ გიორგი მამალაძეს წარედგინა ბრალდება შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისათვის


საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დღეს გამოაქვეყნა ე.წ. „ციანიდის საქმეში“ არსებული შუალედური გამოძიების შედეგები, რაც მოიცავს მტკიცებულების სახით არსებულ აუდიო და ვიდეოჩანაწერებს, რომლებიც განხორციელდა პროკურატურის მიერ საქმის მთავარ მოწმესთან, ირაკლი მამალაძესთან შეთანხმებით. პროკურატურის განცხადებით, გამოძიების დაწყებიდან დღემდე დაიკითხა 30-ზე მეტი მოწმე, ჩატარდა 90-მდე საგამოძიებო მოქმედება. ამის შედეგად დადასტურდა დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ ბრალდება მის მიერ ციანიდის გამოყენებით მკვლელობის მომზადების თაობაზე: „პირველი შეხვედრისას, ირაკლი მამალაძემ დეკანოზს აცნობა, რომ ციანიდის მოპოვება განსაკუთრებულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული და შესთავაზა მის ნაცვლად ნატრიუმის ციანიდის შეძენა, რომელიც აქტიურად გამოიყენებოდა და იწარმოებოდა საქართველოში, ბრალდებული დაინტერესდა, ნატრიუმის ციანიდს ექნებოდა თუ არა რეაქცია და მიიღებდა თუ არა სასურველ შედეგს. ბრალდებულმა მისივე ტელეფონის გამოყენებით ინტერნეტში მოიძია ინფორმაცია ნატრიუმის ციანიდის შესახებ, რომლის მიხედვითაც გაარკვია, რომ დასახელებული ნივთიერება იყო ძლიერმოქმედი შხამი და მისი ზემოქმედების მომწამვლელი ეფექტი ადამიანზე კალიუმის ციანიდის ანალოგიურია. მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დეკანოზ გიორგი მამალაძეს წარედგინა ბრალდება შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისათვის, ასევე ცეცლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და შენახვის ფაქტზე“ - პროკურატურის წარმომადგენელთა განცხადებით, უზრუნველყოფილია დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის უსაფრთხოება. ბრალდებულების ადვოკატის განცხადებით, გამოქვეყნებული მასალებიდან არ ჩანს დეკანოზის ბრალეულობა და რომ ეს ჩანაწერები საგამოძიებო უწყებამ სათავისოდ დაამონტაჟა. „ციანიდის საქმეზე“ გამოძიება საქართველოს სახელმწიფო პროკურატურამ დაიწყო მიმდინარე წლის თებერვალში.

XS
SM
MD
LG