Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კვირიკაშვილმა ევროპარლამენტარების კრიტიკას „უსამართლო“ და „უსაფუძვლო“ უწოდა


გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საპასუხო წერილი გაუგზავნა იმ ევროპარლამენტარებს, რომლებმაც საქართველოს ხელისუფლება, ტელეკომპანია „რუსთავი -2“-ის საქმის გამო, მედიის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობაში დაადანაშაულეს. გავრცელებული ინფორმაციით, ევროპარლამენტში შემავალი ძირითადი ჯგუფების წარმომადგენლებმა გიორგი კვირიკაშვილს წერილით მიმართეს, რომელშიც შეშფოთებას გამოთქვამენ რუსთავი 2-ზე მიმდინარე ზეწოლის გამო. "არხის მფლობელების და შედეგად მისი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა, რაც რუსთავი 2-ს მთავრობისადმი მეგობრულად განწყობილ მორიგ მაუწყებლად გადააქცევს, სერიოზულად შეუშლის ხელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხსა და თავისუფალ მედიას. ეს გაანადგურებს საქართველოს შესაძლებლობას შეასრულოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას თავი შეიკავოს პოლიტიკურად ხელსაყრელი შედეგის მისაღწევად სასამართლო სისტემის გამოყენებისგან", - ნათქვამი იყო წერილში. საპასუხო წერილში კვირიკაშვილი აცხადებს, რომ მისთვის „დიდი მოულოდნელობა“ იყო 2017 წლის 7 მარტით დათარიღებულ წერილში გამოთქმული „მძიმე ბრალდებები“. ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრი “უსამართლოს და უსაფუძვლოს“ უწოდებს ევროპარლამენტარებთა ჯგუფის მხრიდან ყველა მტკიცებულების უგულებელყოფით, საქართველოს დადანაშაულებას კერძო ტელეკომპანიაზე ზეწოლის განხორციელებაში.

XS
SM
MD
LG