Accessibility links

გიორგი კვირიკაშვილმა „ძალიან მძიმე პროვოკაცია“ უწოდა ბათუმში გასული კვირის ბოლოს განვითარებულ მოვლენებს


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა „ძალიან მძიმე პროვოკაცია“ უწოდა ბათუმში, გასული კვირის ბოლოს განვითარებულ მოვლენებს. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ გამოძიება გრძელდება და აუცილებლად უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც ნაბიჯი გადადგა სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. “არავის უნდა შერჩეს ეს ძალიან მძიმე პროვოკაცია, რომელიც აშკარად დაგეგმილის ელფერს ატარებდა“ - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. კვირიკაშვილმა მოთმინებისა და ვაჟკაცობისთვის მადლობა გადაუხადა პოლიციელებს და აჭარის და ცენტრალური მთავრობების წარმომადგენლებს. „მინდა, მადლობა ვუთხრა ყველა ადამიანს, რომლის მოზომილი, მოთმინებული და შეწყობილი მოქმედებების შედეგად შევძელით, რომ თავი ავარიდეთ ძალიან სერიოზულ პროვოკაციას და მართლაც ბეწვის ხიდზე გავიარეთ” - განაცხადა კვირიკაშვილმა. ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე 11 მარტს საღამოს დაწყებული აქცია, რომელიც საპატრულო პოლიციის მიერ მოქალაქის დაჯარიმებას მოჰყვა, რამდენიმე საათში გადაიზარდა მასობრივ არეულობაში. მისმა მონაწილეებმა პოლიციის სამმართველოს შენობას ქვები დაუშინეს, დაწვეს რამდენიმე ავტომანქანა და დააზიანეს ინფრასტრუქტურა. ვითარება სპეცრაზმის ჩარევის შედეგად განიმუხტა. მასობრივი არეულობისას დაშავდა 30-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის პოლიციელები.

XS
SM
MD
LG