Accessibility links

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო რუსეთის გადაწყვეტილებას ეხმიანება


რუსეთის არალეგიტიმური მოქმედებები უკვე გასცდა მხოლოდ საქართველოს დესტაბილიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯებს - ამის შესახებ განაცხადა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, დავით რაქვიაშვილმა. მისი კომენტარი მოჰყვა რუსეთის გადაწყვეტილებას, თავისი შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შეიყვანოს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ზოგიერთი სამხედრო ქვედანაყოფი. შესაბამისი შეთანხმების ხელმოწერის განკარგულება 14 მარტს გამოსცა პრეზიდენტმა, ვალდიმირ პუტინმა. „რუსეთის მილიტარიზაცია გასცდა ეროვნული საფრთხის მასშტაბებს, შავი ზღვის რეგიონისკენაა მიმართული და ნებისმიერი მსგავსი ქმედება, რომელიც სამხედრო მიმართულებით ვითარდება, პირდაპირ ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაზეა დამიზნებული“ - განუცხადა ჟურნალისტებს დავით რაქვიაშვილმა. ის დღეს იმყოფებოდა შიდა ქართლის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში, სადაც მავთულხლართებს მიღმა მცხოვრებს, დავით ვანიშვილს ესაუბრა. უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებით, ხურვალეთში გავლებული მავთულხლართები არის ისტორიული უსამართლობა და რუსეთის სახე, ანუ იმ სახელმწიფოსი, რომელსაც მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებაში მონაწილეობის პრეტენზია აქვს. „ამას არ შეეგუება საქართველოს არცერთი ხელისუფლება და არცერთი მოქალაქე. თუმცა, რაც მავთულხლართებს იქით ხდება, ცალკე უბედურებაა და ფაქტობრივად, მთელი ტერიტორია გადაქცეულია ერთ დიდ საჯარისო ფორმირებად, რომელსაც რუსეთი სთავაზობს ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას“ - განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.

XS
SM
MD
LG