Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიდერლანდში იმართება საპარლამენტო არჩევნები


დღეს ნიდერლანდში იმართება საპარლამენტო არჩევნები, რომელიც მიჩნეულია ნაციონალისტური და ანტიიმიგრანტული განწყობების ინდიკატორად. ამას ემატება ბოლო დღეების დაძაბულობა თურქეთი-ნიდერლანდის ურთიერთობებში. 150-ადგილიან პარლამენტში ადგილების მოსაპოვებლად გამართულ მარათონში მთვარი მეტოქეები არიან პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია და ულტრამემარჯვენე გერტ ვილდერსის პარტია. საზოგადოებრივი გამოკითხვების თანახმად, რუტეს პარტია სამი პროცენტით უსწრებს ვილდერსის პარტიის რეიტინგს, თუმცა ეს გამოკითხვები არც ისე ნათელ სურათს იძლევა ჰოლანდია-ანკარის დაპირისპირების ფონზე. ჰააგის ერთ-ერთ სკოლაში მოწყობილ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ, ვილდერსმა განაცხადა, რომ მისი პარტია არჩევნებში მაინც გამარჯებულად ითვლება, რადგან „ყველა ჩვენს მიერ დასახლებულ პრობლემებზე ლაპარაკობსო“. ჰააგაში მისცა ხმა მისმა მეტოქემ მარკ რუტემაც, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ არჩევნები წარმოადგენს შესაძლებლობას შეჩერდეს „პოპულიზმის მცდარი ფორმით გამოწვეული დომინოს ეფექტი“: „ფაქტია, რომ პოლიტიკოსები მეტ პრობლემას ქმნიან, მათი მოგვარების ნაცვლად. ფაქტია, რომ გვყავს პოლიტიკური ლიდერი, რომელსაც ნიდერლანდში მცხოვრები მუსლიმებისთვის ყურანის წართმევა და მეჩეთების დახურვა სურს, ლიდერი, რომელიც ძირითადად ლაპარაკობს ისეთი გადაწყვეტილებების მიუღებლობაზე, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნის განვითარებას. პოპულიზმში ცუდი არაფერია. პოპულიზმის არასწორი ფორმა უგულებელჰყოფს ადამიანების რეალურ პრობლემებს და მათ მოგვარების ნაცვლად, კიდევ უფრო ზრდის მასშტაბებს“. ნიდერლანდის საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვება საფრანგეთსა და გერმანიაში დაგეგმილი არჩევნები, რომლებიც აღიქმება, როგორც ანტისახელმწიფოებრივი განწყობების ტესტი, გასულ წელს ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლისა და აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ.

XS
SM
MD
LG