Accessibility links

საფრანგეთის პროკურატურამ დაიწყო ფრანსუა ფიიონის საქმის ოფიციალური გამოძიება


საფრანგეთის პროკურატურის განცხადებით, დაიწყო ოფიციალური გამოძიება ფრანსუა ფიიონის საქმეზე. ფიიონი ეჭვმიტანილია სახელმწიფო თანხების გაფლანგვაში. მემარჯვენე-ცენტრისტი კანდიდატი ეჭვმიტანილია, რომ ის თავის ცოლსა და შვილებს წლების განმავლობაში უხდიდა ასიათასობით ევროს პარლამენტში მუშაობისათვის - სინამდვილეში, ისინი შესაძლოა მხოლოდ გაფორმებული იყვნენ სამსახურში. პროკურატურის ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება ფინანსური თაღლითობის საქმეზე. თავად ფიიონი ბრალდებებს უარყოფს. მისი პარტიის წევრთა გუშინდელი განცხადებით კი, საარჩევნო კამპანია გრძელდება. მანამდე ფიიონს ნათქვამი ჰქონდა, რომ გამოძიების დაწყების შემთხვევაში ის გამოეთიშებოდა საპრეზიდენტო მარათონს. 62 წლის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ფავორიტად ითვლებოდა პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის. ახლა ის ჩამორჩება მემარჯვენე რადიკალური „ეროვნული ფრონტის“ ლიდერს მარინ ლე პენს და ცენტრისტ ემანუელ მაკრონს. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი რაუნდი საფრანგეთში 23 აპრილს გაიმართება.

XS
SM
MD
LG