Accessibility links

კრიტიკა მოჰყვა აშშ-ის ბიუჯეტის გეგმაში დიპლომატიაზე და საგარეო დახმარებაზე თანხების შემცირებას


აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინადადებას, რომ ბიუჯეტში დაახლოებით მესამედით შემცირდეს სახელმწიფო დეპარტამენტისთვის და საგარეო დახმარებისთვის გამოყოფილი თანხა, კრიტიკა მოჰყვა როგორც აშშ-ში, ისე საერთაშორისო დონეზე. გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში გამოვიდა გაფრთხილებით დაფინანსების რადიკალური შემცირების წინააღმდეგ, რამაც, მისი თქმით, შესაძლოა ძირი გამოუთხაროს გაეროს გრძელვადიან გეგმებს რეფორმების თაობაზე. ტრამპი გეგმავს სამშვიდობო ოპერაციებზე აშშ-ის დაფინანსების 28 პროცენტიდან, ანუ 7,9 მილიარდი დოლარიდან 25 პროცენტამდე შემცირებას. გაეროში საფრანგეთის ელჩმა, ფრანსუა დელატრმა განაცხადა, მსოფლიოს ახლა ყველაზე მეტად სჭირდება ძლიერი გაერო და ამერიკა, რომელიც მსოფლიოს მოვლენებში ჩართულიაო. ამერიკის უკანდახევა და ცალმხრივობა, ამის აღქმაც კი, ქმნის გლობალური დესტაბილიზაციის გაღრმავების საფრთხესო, განაცხადა მან. მაგრამ გაეროში აშშ-ის ელჩის, ნიკი ჰეილის განცხადებით, „გაერო იმაზე მეტ ფულს ხარჯავს, ვიდრე უნდა ხარჯავდეს და ბევრ შემთხვევაში აშშ-ს სხვა ქვეყნებზე გაცილებით დიდ ფინანსურ ტვირთს აკისრებს“. სამშვიდობო ოპერაციების გარდა, აშშ აფინანსებს დაახლოებით მეოთხედს გაეროს მთელ ბიუჯეტში, ისევე, როგორც მის სააგენტოებში - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში და ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოში. სამშვიდობო ოპერაციების დაფინანსების სიდიდის თვალსაზრისით აშშ-ის შემდეგ მოდიან ჩინეთი და იაპონია, 10-10 პროცენტით, მათ მოჰყვებიან გერმანია და საფრანგეთი 6-6 პროცენტით.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG