Accessibility links

ფხენიანმა ახალი სარაკეტო ძრავა გამოსცადა, ტილერსონის პეკინში ვიზიტის პარალელურად


ჩრდილოეთი კორეის სახელმწიფო მედიის ცნობით, ქვეყანაში ჩატარდა ახალი, ძლიერი სარაკეტო ძრავის გამოცდა, რასაც ლიდერი, კიმ ჩენ ინი ქვეყნის სარაკეტო მრეწველობის „ახალ დაბადებას“ უწოდებს. ეს განცხადება გავრცელდა 19 მარტს, იმ ფონზე, როცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, რექს ტილერსონი პეკინში ატარებდა ოფიციალურ შეხვედრებს. ძრავის გამოცდის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე ტილერსონი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ რეგიონში დაძაბულობა „სახიფათო დონეზეა“. ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, სარაკეტო ძრავის გამოცდას ქვეყნის ლიდერი პირადად ხელმძღვანელობდა. სააგენტო ავრცელებს კიმ ჩენ ინის სიტყვებს - რომ მალე მთელი მსოფლიო იხილავს დღევანდელი დღის დიდი გამარჯვების მნიშვნელობას. ანალიტიკოსების შეფასებით, საქმე, სავარაუდოდ, გვაქვს გრძელი რადიუსის რაკეტების ახალი ტიპის ძრავასთან. პეკინში ვიზიტის დროს ტილერსონმა 18 მარტს განაცხადა, ვაშინგტონი ითანამშრომლებს ჩინეთთან საიმისოდ, რომ რეგიონში კონფლიქტი არ მოხდესო. ტილერსონის ტურნე აღმოსავლეთ აზიაშიასევე მოიცავდა იაპონიას და სამხრეთ კორეას. ვიზიტების დროს განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემად რჩებოდა ჩრდილოეთ კორეის საკითხი და შეშფოთება, რომელიც ამ ქვეყნის ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების პროგრამას უკავშირდება. ერთი დღით ადრე, ტილერსონმა განაცხადა, რომ ფხენიანის მხრიდან საფრთხის გაძლიერების შემთხვევაში საპასუხო ზომად „სამხედრო ნაბიჯებიც“ განიხილება. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, პარალელურად, ტვიტერით დაწერა, ჩრდილოეთი კორეა „ძალიან ცუდად იქცევაო“.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG