Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საია: სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ ზვიად ნაზღაიძისთვის ქონების სიმბოლურ ფასად გადაცემით


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმად, მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმა, ზვიად ნაზღაიძე 2015 წლის ივნისის სტიქიის დროს არ დაზარალებულა და მას თბილისის მუნიციპალიტეტმა უსაფუძვლოდ გადასცა 5001 კვ.მ. უძრავი ქონება. არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ ზვიად ნაზღაიძისთვის ქონების სიმბოლურ ფასად გადაცემის კანონთან შესაბამისობის საკითხით, რადგან ეს ფაქტი შესაძლოა, შეიცავდეს საჯარო მოხელეების მხრიდან ჩადენილი დანაშაულის ნიშნებს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევის თანახმად, 2015 წლის ივნისში, სტიქიური უბედურების დროს, ზვიად ნაზღაიძე არ იყო თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე არსებული 1641 კვ.მ. უძრავი ქონების მესაკუთრე და, შესაბამისად, არ დაზარალებულა. ამიტომ, თბილისის მუნიციპალიტეტმა უსაფუძვლოდ გამოიყენა საქართველოს ორგანული კანონი, საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გადაუდებელი აუცილებლობისას საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ. არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, ამ ქონების სანაცვლოდ ზვიად ნაზღაიძეს, უსაფუძვლოდ გადაეცა, თბილისში, საბურთალოს რაიონში 5001 კვ.მ. უძრავი ქონება. „სავარაუდოა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტსა და ზვიად ნაზღაიძეს შორის არსებობდა შეთანხმება, მუნიციპალიტეტის მიერ ნაზღაიძის მხრიდან ქონების შეძენის შემთხვევაში, მერიის მხრიდან ქონების გარანტირებულად ჩამორთმევისა და საკომპენსაციოდ როგორც თანხის, ასევე უძრავი ქონების გადაცემის შესახებ“ - ნათქვამია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევაში. თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები დედაქალაქის მთავრობისგან თებერვლის შემდეგ მოითხოვენ ბათილად გამოცხადდეს დადგენილება, რომლითაც ზვიად ნაზღაიძეს ქონება გადაეცა და დადგეს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი. თავის, მხრივ, თბილისის მერიაში ირწმუნებიან, რომ ქონების გადაცემა კანონიერი იყო.

XS
SM
MD
LG