Accessibility links

გალში ტარდება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრა


გალში მიმდინარეობს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების მორიგი შეხვედრა. ენგურის ხიდის გავლით, გალში გამგზავრებამდე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, კახაბერ ქემოკლიძემ ჟურნალისტებს აცნობა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ქართული მხარე დასვამს „საზღვარზე“ მოქალაქეთა უკანონოდ დაკავების, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული პირის მისთვის გადაცემისა და პატიმართა გათავისუფლების საკითხებს. ენგურის ხიდთან მივიდა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, დრანდის საპატიმროში მყოფი გიორგი ლუკავას მეუღლე, ლალი ბასარია. მისი მტკიცებით, დე ფაქტო ხელისუფლებამ ლუკავა ამ ორიოდე თვის წინ შეიწყალა, მაგრამ თბილისისგან მოითხოვს მის გაცვლას სხვა პატიმრებში, რასაც ქართული მხარე არ თანხმდება. თავის მხრივ, კახაბერ ქემოკლიძემ აღნიშნა, რომ არ აქვს ინფორმაცია ლუკავას შეწყალების შესახებ და დე ფაქტო ხელისუფლება კონკრეტულად არ საუბრობს მის გათავისუფლებაზე. ქემოკლიძის თქმით, „ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რათა გათავისუფლებულ იქნენ ლუკავა და დრანდის საპატიმროში მყოფი სხვა მოქალაქეები“. აფხაზეთიდან დევნილი გიორგი ლუკავა 2011 წელს დააკავეს ოკუპირებულ გალის რაიონში, სადაც ის, ოჯახის ინფორმაციით, შვილების საფლავის მოსანახულებლად გადავიდა. აფხაზური მხარის ცნობით, ლუკავას მისჯილი აქვს 20-წლიანი პატიმრობა მკვლელობისა და პარტიზანულ დაჯგუფება „ტყის ძმებთან“ კავშირის ბრალდებით.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG