Accessibility links

ვაშინგტონის თანახმად, მაისში მოსკოვს ესტუმრება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გუშინ გავრცელებული ცნობის თანახმად, მაისში, ევროპული ტურნეს ფარგლებში, სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი პირველად ეწვევა მოსკოვს. რუსეთის საგარეო უწყებამ ეს ინფორმაცია არც დაადასტურა, და არც უარყო. „ინტერფაქსის“ სააგენტოს მოჰყავს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სერგეი რიაბკოვის სიტყვები, რომელთა თანახმადაც, მან „არაფერი იცის“ ტილერსონის მომავალ ვიზიტზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობაში ნათქვამია ისიც, რომ ტილერსონი მონაწილეობას არ მიიღებს აპრილის დასაწყისისთვის ნატოში დაგეგმილ შეხვედრაში. პრესრელიზი არაფერს ამბობს იმაზე, თუ რატომ არ ჩავა ტილერსონი ბრიუსელში - იქ დაგეგმილი ღონისძიება მას საშუალებას მისცემდა, პირველად შეხვედროდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ 27 მოკავშირეს მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტის პოსტი დაიკავა დონალდ ტრამპმა. როიტერის სააგენტოს მოჰყავს აშშ-ის ყოფილი მთავრობის წევრების განცხადებები, რომელთა თანახმადაც, ნატოელ მოკავშირეებთან შეხვედრის ნაცვლად, ტილერსონი მონაწილეობას მიიღებს ტრამპისა და ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის შეხვედრაში, რომელიც 6 და 7 აპრილს ფლორიდაში გაიმართება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ტილერსონის ნაცვლად ნატოს შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში ტომ შენონი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG