Accessibility links

მოსკოვში ერთმანეთს შეხვდნენ ვლადიმირ პუტინი და ლეონიდ თიბილოვი


მოსკოვში გაიმართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვის შეხვედრა. რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, პუტინმა და თიბილოვმა განიხილეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, ისაუბრეს სოციალურ-ეკონომიკურსა და პოლიტიკურ თემებზეც. ლაპარაკი შეეხო დე ფაქტო რესპუბლიკაში 9 აპრილისთვის დაგეგმილ „საპრეზიდენტო არჩევნებსაც“, რომელსაც არ აღიარებენ არც თბილისი, არც მსოფლიოს ქვეყნების უდიდესი უმრავლესობა, და არც საერთაშორისო ორგანიზაციები. პუტინის თქმით, რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ჩამოყალიბდა „მოკავშირული ურთიერთობები“. რუსეთის ლიდერმა კმაყოფილება გამოთქვა იმის გამოც, რომ „რეგიონში ვითარება სტაბილური გახდა“. პუტინმა თიბილოვს წარმატება უსურვა „საპრეზიდენტო არჩევნებში“ და იმედი გამოთქვა, რომ „არჩევნები გაიმართება კონსტიტუციისა და კანონის დაცვით“. კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობაში მითითებულია ისიც, რომ შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს შორის იყო შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის ცალკეული ქვედანაყოფების გაერთიანებას. შესაბამისი შეთანხმების გაფორმების განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა 14 მარტს გამოსცა.

XS
SM
MD
LG