Accessibility links

პარლამენტმა მოსმენების კანონზე დაძლია პრეზიდენტის კიდევ ერთი ვეტო


საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ დაძლია ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტთა პაკეტზე პრეზიდენტის მიერ 20 მარტს დადებული ვეტო და შესაბამისად არ გაიზიარა გიორგი მარგველაშვილის მოტივირებული შენიშვნები, რომლებიც ფარულ საგამოძიებო მოქმედებთან დაკავშირებით ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შექმნისა და ფუნქციონირების პრინციპებს შეეხება.ფარული მოსმენების შესახებ საკანონმდებლო პაკეტს პირვანდელი რედაქციით, დეპუტატებმა კვლავ დაუჭირეს მხარი. პაკეტი, დარჩენილი პროცედურების დასრულების შემდეგ, უახლოეს მომავალში შევა ძალაში, თუმცა ფარული მოსმენების სისტემის შესაცვლელად სამართლებრივი ბრძოლა ამით არ დასრულდება. უკვე ცნობილია, რომ კანონი გასაჩივრდება როგორც საქართველოს საკონსტიტუციო, ისე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ფარული მოსმენების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც საკომუნიკაციო საშუალებებზე პირდაპირი წვდომის საშუალებას შინაგან საქმეთა სამინისტროს აძლევდა, საქართველოს პარლამენტმა 2014 წელს მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლომ გასული წლის აპრილში არაკონსტიტუციურად ცნო ნორმები, რომლებიც მობილური ოპერატორების სერვერებთან პირდაპირი წვდომისა და ამ გზით მოსმენების განხორციელების უფლებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ანიჭებდა. ფარული მიყურადების ახალი მოდელით, სატელეფონო კომუნიკაციის, კავშირგაბმულობისა და კომპიუტერული სისტემების მეშვეობით ფარული მოქმედებები ექსკლუზიურად იწარმოებს სპეციალურად შექმნილი სამსახურის, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ, რომელიც, თავის მხრივ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან და პრემიერ-მინისტრთანაა ანგარიშვალდებული. სამოქალაქო ორგანიზაციები, კერძოდ, მოძრაობა „ეს შენ გეხება“ მიიჩნევს, რომ რადგან ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში იქმნება და დამოუკიდებელი ორგანო არ არის, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ დაკმაყოფილდა.

XS
SM
MD
LG